08 მაისი 2020 - 09:07

რა წესები უნდა დაიცვას ორსულმა პანდემიის დროს. ინსტრუქცია

ფოტო: Shutterstock.com

მთელი რიგი სამედიცინო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ახალი კორონავირუსული ინფექციის რისკი ფეხმძიმე ქალებში იმაზე მაღალი არ არის, ვიდრე - სხვა ადამიანებში. ეს არის კარგი ამბავი, ცუდი კი ისაა, რომ მძიმე დაავადების განვითარების რისკი ამ შემთხვევაში შეიძლება უფრო მაღალი იყოს. ეს დასკვნა იმაზე დაყრდნობით კეთდება, რომ სხვა, უფრო კარგად შესწავლილი კორონავირუსები და გრიპის ვირუსი სწორედ ასე მოქმედებს. თუმცა ამას ისევ (თითქმის) კარგი ამბავი მოჰყვება: არსებობს გარკვეული კვლევები, რომლებიც მსგავს მოსაზრებას არ ადასტურებს. ამაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც წერს. 


რაც შეეხება ნაყოფისთვის საფრთხისშემცველ ფაქტორებს, აქ რისკი ძირითადად თეორიულია და კვლევებით არ დასტურდება. ფაქტია, რომ ნებისმიერი პნევმონიის დროს ორსულებს ხშირად ნაადრევი მშობიარობა ეწყებათ და უფრო ხშირად  საკეისრო კვეთის აუცილებლობა აღინიშნება. მაგალითად, ნაყოფის ზრდის შეფერხება ფიქსირდება, ამიტომ გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ულტრაბგერითი გამოკვლევა უნდა გაკეთდეს. პირველ ტრიმესტრში ტემპერატურის მატებამ შეიძლება ნაყოფის თანდაყოლილი ანომალია ან მუცლის მოშლა გამოიწვიოს. თუმცა მსგავსი რამ ახალ კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით კვლევებით არ დასტურდება. ნებისმიერ შემთხვევაში ითვლება, რომ პარაცეტამოლის მიღებამ შეიძლება ეს რისკები შეამციროს. 


თუ ახლა დაორსულებაზე ფიქრობთ, ეს თქვენი გადასაწყვეტია. შეგიძლიათ დრო არ დაკარგოთ ან სულაც პანდემიის დასრულებას დაელოდოთ. სამედიცინო ორგანიზაციები ამ მიმართულებით  მკაფიო რეკომენდაციებს არ გასცემენ.

უნდა დაიცვან თუ არა ფეხმძიმეებმა უსაფრთხოების საერთო წესები და რას გულისხმობს ეს?

აუცილებლად. არსებობს რამდენიმე მარტივი წესი, რომლებიც თქვენ და თქვენს ახლობლებს ერთმანეთისგან დაგიცავთ. ეს იმ შემთხვევას ეხება, თუ ახალი კორონავირუსული ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს:


-    ადამიანებთან, სულ ცოტა, 1 მეტრის დისტანცია დაიცავით;
-    ოთახი ხშირად გაანიავეთ; 
-    დეზინფექცია ჩაუტარეთ იმ ზედაპირებს, რომლებსაც სხვა ადამიანებიც ეხებიან (მაგალითად, მაგიდა, კარის სახელური და სხვ.);
-    საერთო საგნების მოხმარება მინიმუმამდე დაიყვანეთ; 
-    ხშირად დაიბანეთ ხელი; 
-    სახეს ბინძური ხელით არ შეეხოთ; 
-    დააცემინეთ და დაახველეთ ჰიგიენური წესების სრული დაცვით. 

თუ ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ფეხმძიმედ არის, საჭიროა თუ არა რამე განსაკუთრებული ზომის მიღება? 

ახალი კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები ფეხმძიმე ქალებშიც იგივეა, როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევაში. ამ დროს, პირველ რიგში, აუცილებელია თვითიზოლაცია და სხვა წესების დაცვა. 


როგორც წესი, ფეხმძიმე ქალებზეც მკურნალობის საერთო ტაქტიკა ვრცელდება. საჭიროა ჭარბი რაოდენობით სითხის მიღება და მოძრაობა, რათა თრომბის წარმოქმნის საშიშროება არ გაჩნდეს. 


საეჭვო სიმპტომების გამოვლენისთანავე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა უნდა გამოიძახოთ. ეს შეიძლება იყოს:


-    ქოშინი (წუთში 25 ან მეტი ამოსუნთქვა). ამ დროს ადამიანს ამოსუნთქვის გარეშე წინადადების დასრულებაც კი არ შეუძლია, ქოშინის გარეშე კი ოთახში გადაადგილება უჭირს;
-    მკერდის არეში ტკივილი ან სიმძიმე; 
-    მეხსიერების დაქვეითება ან შეფერხება; 
-    ტუჩების ან სახის გალურჯება; 
-    სისხლის ღებინება;
-    გაუწყლოვნების ნიშნების გამოვლენა (თავბრუსხვევა და სხვ.).


ექიმის კონსულტაცია აუცილებელია მაშინაც კი, თუ თქვენ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები არ აღგენიშნებათ, მაგრამ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ასთმა, შიდსი, ღვიძლისა და გულის ქრონიკული დაავადება ან იმუნური სისტემის დამაქვეითებელი მედიკამენტების მომხმარებელი ხართ (ამა თუ იმ ორგანოს გადანერგვის გამო).


სხვა შემთხვევაშიც, თუ ახალ კორონავირუსულ ინფექციაზე ოდნავი ეჭვი მაინც გაქვთ, კარგი იქნება, თქვენს მკურნალ ექიმთან კონსულტაცია გაიაროთ. შესაძლოა, მან ნაყოფის მდგომარეობის მონიტონინგი საჭიროდ ჩათვალოს. 
თუ თქვენი საავადმყოფოში წასვლის აუცილებლობა სხვა მიზეზით არის განპირობებული, თქვენი მდგომარეობის შესახებ სამედიცინო პერსონალი წინასწარ გააფრთხილეთ, სამედიცინო ნიღაბი გაიკეთეთ და სწორად ატარეთ.

ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში საჭიროა თუ არა მშობიარობის დაჩქარება?

თუ დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს, არ არსებობს მიზეზი, რომ მშობიარობის დაჩქარება აუცილებელი გახდეს. უფრო მეტიც, თუ ქალმა ახალი კორონავირუსული ინფექცია ფეხმძიმობის დროს გადაიტანა, ეს კარგიც არის, რადგან ასეთ დროს ბავშვის დაავადების შანსები მცირდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ საკეისრო კვეთა არ უნდა გაკეთდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქალს COVID-19 აქვს ან მასზე ეჭვი არსებობს. ამ პოზიციას სხვა სამედიცინო ორგანიზაციებიც ეთანხმებიან. 


თუ დაავადება რთულ ფორმებში მიმდინარეობს და ფეხმძიმე პაციენტის ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია, სიტუაცია იცვლება. თეორიულად ბავშვის დაბადების შემდეგ ქალს სუნთქვა უადვილდება და მისი მდგომარეობა უმჯობესდება. თუმცა ეს საკამათო საკითხია.

შეიძლება თუ არა ნაყოფი დედის მუცელში დაინფიცირდეს?

ამ დროისთვის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ახალი კორონავირუსული ინფექცია შეიძლება ბავშვს საშვილოსნოში გადაეცეს. ის არ დაფიქსირებულა არც ჭიპლარის სისხლში, არც ამნისტიკურ სითხეში და არც პლაცენტაში. დიდი ალბათობით, ახალი კორონავირუსული ინფექციის მქონე ახალშობილები დაბადების შემდეგ დაინფიცირდნენ. COVID-19 მათ შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობდა. 


ინფექციური თვალსაზრისით, თუ ქალი დაავადებულია, მისგან ახალშობილის იზოლირება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. თუმცა ამან შეიძლება ძუძუთი კვებაზე უარყოფითად იმოქმედოს და როგორც დედის, ისე შვილის შემთხვევაში დამატებითი სტრესი გამოიწვიოს. ამიტომაც  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მათი განცალკევება აუცილებელი სულაც არ არის იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების წესები დაცული იქნება. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი კი გვთავაზობს, რომ ეს გადაწყვეტილება ექიმმა და პაციენტმა ერთად მიიღონ.

შეიძლება თუ არა COVID-19-ით ინფიცირებულმა ქალმა ახალშობილს ძუძუ აწოვოს? 

მეცნიერებმა დედის რძეში ახალი კორონავირუსული ინფექციის დაფიქსირება დღემდე ვერ შეძლეს. თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ეს მომავალში მოხდეს. 


აშკარა რისკის მიუხედავად, ძუძუთი კვებას ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს. მაგალითად, შეიძლება სწორედ დედის რძის მეშვეობით ახალშობილს გადაეცეს ის ანტისხეულები, რომლებიც მას COVID-19-ისგან დაიცავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მხარს უჭერს იმ ქალებს, რომლებმაც ძუძუთი კვების გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ამ დროს ვირუსის გადაცემის რისკი მინიმუმადე უნდა იყოს დაყვანილი. ამისათვის კი დედამ ბავშვთან ყოველი შეხების წინ სამედიცინო ნიღაბი უნდა გაიკეთოს და ხელები კარგად დაიბანოს. იგივე წესები უნდა იყოს დაცული, როდესაც ახალშობილს გამოწველილი რძით კვებავენ. ამავდროულად აუცილებელია, რომ ყველა ზედაპირს, რომელსაც ინფიცირებული დედა ეხება, დეზინფექცია ჩაუტარდეს. 

სხვა თემები