01 ოქტომბერი 2017 - 01:56

დღეს კატალონიაში რეფერენდუმია. მოერევა თუ არა მადრიდი ბარსელონას?


1 ოქტომბერს კატალონიაში რეგიონის ესპანეთისგან გამოყოფაზე რეფერენდუმი ტარდება. ქვეყნის ხელისუფლება პლებისციტს უკანონოდ მიიჩნევს, თუმცა ბარსელონაში ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აღიარებენ. 20 სექტემბერს, ესპანეთის სამართალდამცველებმა კატალონიის საჯარო უწყებებში ჩხრეკა და დაპატიმრებები დაიწყეს. რეფერენდუმის ჩასაშლელად ბარსელონაში მთელი ქვეყნიდან ათობით ათასი პოლიციელი ჩავიდა. 30 სექტემბერს, ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიაში 2,315 საარჩევნო უბნიდან, 1,3 ათასამდე დაბლოკა. კატალონიის პარლამენტის დეპუტატმა განაცხადა, რომ ხმის მიცემის პროცედურა, შესაძლოა ეკლესიებსა და საავადმყოფოებში ჩატარდეს. ესპანეთის მეფე კატალონიელებს კონსტიტუციის პატივისცემისკენ მოუწოდებს, ესპანეთის პრემიერმინისტრი მარიანო რახოი კი აცხადებს, რომ 1 ოქტომბერს არანაირი რეფერენდუმი არ იქნება, “ის არ ჩატარდება”, - განაცხადა მან.

ვინ არიან კატალონიელები?

ესპანეთის ავტონომიური რეგიონის მცხოვრებლები, რომლებსაც აქვთ საკუთარი ენა და ათას წელზე ხანგრძლივი ისტორია. კატალონიის მოსახლეობა 7,5 მილიონია (შვეიცარიას უტოლდება). XV საუკუნიდან რეგიონი ესპანეთის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა დამოუკიდებლობის მომხრეები აცხადებენ, რომ მადრიდი პერიოდულად მის კიდევ უფრო გაესპანურებას ცდილობს. კატალონიის დედაქალაქი ბარსელონა ესპანეთის სიდიდით მეორე ქალაქია. დღეს ამ რეგიონში ესპანეთის მოსახლეობის 16% ცხოვრობს.

რატომ უნდათ დამოუკიდებლობა?

ამ სურვილს ისტორიული და კულტურული საფუძველი აქვს, მაგრამ თანამედროვე სეპარატიზმის მთავარი მიზეზი ეკონომიკურია. კატალონია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 19%-ს ქმნის. კატალონიელები დარწმუნებულები არიან, რომ ესპანეთის ხელისუფლება რეგიონს იმაზე მეტს ართმევს, ვიდრე აძლევს.

მაგალითად, ესპანეთის ხელისუფლების ცნობით, 2011 წელს, კატალონიამ სახელმწიფო ბიუჯეტში იმაზე 8,5 მილიარდი ევროთი მეტი გადაიხადა, ვიდრე მიიღო. კატალონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ სხვაობა 11,1 მილიარდი ევრო იყო.

იმავდროულად, კატალონიის ბიუჯეტში სახელმწიფოს ინვესტიციები მცირდება. მაგალითად, 2003 წელს რეგიონში საბიუჯეტო სახსრების 16% წარიმართა, 2015 წელს - 9,5%. მაგრამ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ასეთი სიტუაცია ქვეყნისთვის, რომელსაც რეგიონებს შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი აქვს, ნორმალურია.

დიდი ხანია, რაც დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან?

ტურისტების უმრავლესობისთვის ბარსელონა ზეიმის ქალაქია. არადა, მე-20 საუკუნის დასაწყისში მას “ცეცხლოვან ვარდს” (la rosa del foc) უწოდებდნენ - 1909 წლის ტრაგიკული კვირის მოსაგონრად, როდესაც ადგილობრივი მუშების აჯანყებას მონასტრების და მდიდართა სახლების დარბევები, ხანძრები და რევოლუციური კარნავალი მოჰყვა. მომდევნო 30 წლის განმავლობაში, ბარსელონის რეპუტაციას ანარქისტები და მემარცხენე რადიკალები განსაზღვრავდნენ.
 
თანამედროვე ბარსელონა, თავისი ტურისტული, სადღესასწაულო იერით ბევრად უფრო გვიან გაჩნდა, თუმცა საპროტესტო სულისკვეთება აქ დღესაც ძლიერია. როდესაც ესპანეთს თავს ფინანსური კრიზისი დაატყდა, ბარსელონაში ხელისუფლების ეკონომიკურ მიდგომებს განსაკუთრებით მძაფრად აპროტესტებდნენ. ბოლო წლების განმავლობაში ქალაქის მერი მემარცხენე აქტივისტი ადა კოლაუა.

კატალონიის კვლევითი ცენტრის მონაცემებით, ჯერ კიდევ 2005 წლის ნოემბერში, რეგიონის დამოუკიდებლობას კატალონიელების 13%-ზე ნაკლები უჭერდა მხარს. მოსახლეობის თითქმის მესამედს რეგიონისთვის კონფედერატიული შტატის (estado federal) სტატუსი სურდა, რომელიც დღევანდელზე ფართო ავტონომიას გულისხმობს. გამოკითხულთა 40%-ზე მეტს კი ესპანეთის შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსი აბსოლუტურად აკმაყოფილებდა.

სიტუაცია როდის შეიცვალა?

დიდწილად რეგიონულ კონსტიტუციასთან დაკავშირებული ისტორიის შემდეგ. ესპანეთში მას ავტონომიის სტატუტს უწოდებენ. 2006 წელს ის ჯერ ესპანეთის პარლამენტმა მიიღო, შემდეგ კი ცალკე ჩატარებულმა კატალონიურმა რეფერენდუმმა დაამტკიცა. ახალმა სტატუტმა შეცვალა ფრანკოს სიკვდილიდან მალევე, 1979 წელს მიღებული რეგიონული კონსტიტუცია და არსებითად გააფართოვა რეგიონის უფლებები კატალონიელებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან, ეკონომიკურ ასპექტში: შემოსავლები რეგიონულ მთავრობას უნდა გაენაწილებინა, ასევე კატალონიელებმა ოფიციალურად მიიღეს ნაციის სტატუსი.

მაგრამ, მალევე ესპანეთის კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ, რომელიც ერთიან ესპანეთს და ტრადიციულ ფასეულობებს ემხრობა, ასევე აბორტების და ერთნაირსქესიანთა ქორწინებების (მისი ლეგალიზება ქვეყანაში 2005 წელს მოხდა) წინააღმდეგია, განაცხადა, რომ დოკუმენტი არალეგალურია, რადგან ესპანური კონსტიტუციის პარალელური დოკუმენტია, რაც თავისთავად უკანონობაა. ამას მოჰყვა მსგავსი პრეტენზიები და სასამართლო სარჩელები ესპანეთის ომბუდსმენის და ქვეყნის ხუთი რეგიონის მხრიდან.

ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლო ამ პრეტენზიებს 4 წელი იხილავდა. ამ ხნის განმავლობაში პრესა წერდა პოლიტიკური მანიპულაციების მცდელობასა და მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ. კატალონიაში განსაკუთრებით აშფოთებდათ სასამართლოს შემადგენლობის შეცვლა: თუ დასაწყისში ლიბერალი და კონსერვატორი მოსამართლეების რაოდენობა თანაბარი იყო, მოგვიანებით სახალხო პარტიამ ერთ-ერთი პროგრესისტი, რომელიც იმავდროულად წარმოშობით კატალონიიდან იყო, სასამართლოს შემადგენლობიდან გააყვანინა და ძალთა ბალანსი თავის სასარგებლოდ შეცვალა. 2010 წელს, სასამართლომ სტატუტის რამდენიმე მუხლი უკანონოდ ცნო.

კატალონიაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ მილიონზე მეტი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. ბევრმა კატალონიელმა გადაწყვიტა, რომ მადრიდში აღარაფერი შეიცვლებოდა და ნამდვილად დემოკრატიული სახელმწიფო მათ მხოლოდ ესპანეთისგან დამოუკიდებლობის შემთხვევაში ექნებოდათ.

ესპანეთისგან გამოყოფას კატალონიელების უმრავლესობა ემხრობა?

გამოყოფის მომხრეთა არგუმენტები ხშირად იმ ბრიტანელების არგუმენტებს ჰგავს, რომლებიც ევროკავშირისგან გამოყოფას (ბრექსიტს) ემხრობოდნენ. ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, ემხრობა თუ არა გამოყოფას, ის მაინც დაუჭერს მხარს კატალონიის დამოუკიდებლობას ესპანეთის ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლისთვის, რათა მადრიდმა მოისმინოს ადგილობრივების აზრი, მათთან მოლაპარაკებები დაიწყოს და მათი ცხოვრების პირობები გააუმჯობესოს.

2010 წლის შემდეგ ესპანეთისგან გამოყოფა კატალონიური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ საკითხად იქცა. ეს პუნქტი ტრადიციული პროესპანური მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის, “კონვერგენცია და კავშირის” პროგრამაშიც კი გაჩნდა. მისმა მემარცხენე კონკურენტებმა, CUP-მა კი ეს თემა დღის წესრიგში მთავარ საკითხად აქცია.

ბოლო გამოკითხვებით, გამოყოფას მხარს დაუჭერს რეგიონის მოსახლეობის 40-დან 72%-მდე. წინააღმდეგია, მაგალითად რეგიონის ფინანსური ელიტა, რომელიც რიგითი კატალონიელების თქმით, ყოველთვის ესპანეთს ემხრობოდა, ფრანკოს დროსაც კი. რადგან ბევრი ფული აქვთ, ესპანეთში ბიზნესს აწარმოებენ და არაფრის შეცვლა არ სურთ. ესპანეთისგან გამოყოფას არ ემხრობა რიგითი კატალონიელების ნაწილიც, რომლებსაც ეკონომიკური პრობლემების ეშინიათ. მაგრამ ისინი უმცირესობას წარმოადგენენ.

1 ოქტომბერს რა მოხდება?

ზუსტად არავინ იცის. ზოგს მიაჩნია, რომ რეფერენდუმი საერთოდ არ ჩატარდება, რადგან პროტესტის მთავარი მიზანი ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლა და მოლაპარაკებებზე დათანხმებაა. კატალონიას თავისი არმია არ ჰყავს და კონფლიქტის ძალისმიერ გადაწყვეტას ვერ უპასუხებს.

2017 წლის 20 სექტემბრის ჩხრეკების და დაკავებების შემდეგ კატალონიელებში რეფერენდუმის მხარდაჭერა და საპროტესტო მუხტი გაიზარდა. აქციები მთელი კატალონიის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ტარდება, რასაც მადრიდი ზომების გამკაცრებით პასუხობს. რეფრენდუმის აღსაკვეთად კატალონიაში ესპანური სპეცრაზმის 30 ათასი თანამშრომელი გაიგზავნა. ესპანეთის ხელისუფლების მოთხოვნით, დაიბლოკა ბევრი ვებგვერდი დომენით .cat, მათ შორის ის ვებგვერდი, რომელიც უშუალოდ რეფერენდუმს ეძღვნებოდა.

სპეციალისტების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმი ჩატარდა, მთავარი იქნება ამომრჩევლების აქტივობა, რადგან დამოუკიდებლობის გამოცხადებას აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ კატალონიელების 50%-ზე მეტი დამოუკიდებლობას მხარს დაუჭერს ამომრჩევლის მაღალი აქტივობის შემთხვევაში.

ევროკავშირს რა პოზიცია აქვს?

ბრიუსელში აცხადებენ, რომ ესპანეთისგან გამოყოფის შემთხვევაში, კატალონია ავტომატურად დაემშვიდობება ევროკავშირსაც. 2004 წლიდან, ბლოკში მოქმედებს ეგრეთ წოდებული ბაროზუს დოქტრინა. წესის თანახმად, ევროკავშირის წევრი ქვეყნისგან გამოყოფის შედეგად წარმოქმნილი ნებისმიერი ახალი ქვეყანა, ავტომატურად ვერ შეძლებს ევროკავშირის წევრობას. ევროკომისიის ყოფილი თავმჯდომარის ჟოზე მანუელ ბაროზუს ამ ინიციატივის მიზანი, ევროკავშირის ზოგიერთ რეგიონში (ბელგიის ფლანდრია, ჩრდილოეთ ირლანდია, ბასკეთი, კატალონია) სეპარატისტული ვნებების მოთოკვა იყო. 2014 წელს, ბაროზუმ BBC-ის ეთერში დაადასტურა, რომ ნორმა ძალაშია, მაშინ ლაპარაკი იყო შოტლანდიის შესაძლო დამოუკიდებლობაზე.

ბრიუსელის განცხადებების მიუხედავად, კატალონიის მთავრობა საპირისპიროს ამტკიცებს. ადგილობრივი ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ პირენეს ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთში მცხოვრები 7,5 მილიონი კატალონიელი რეგიონის ესპანეთისგან გამოყოფის შემთხვევაში ევროკავშირის მოქალაქეობას არ დაკარგავს.

თუ საქმე მართლაც მივა კატალონიის დამოუკიდებლობამდე, ევროკავშირის ფუძემდებლური შეთანხმებების თანახმად, რესპუბლიკამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ცალკე განაცხადი უნდა შეიტანოს. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, როგორც ახლად წარმოქმნილ სახელმწიფოს, მას ბლოკში წევრობისთვის ყველა პროცედურის თავიდან გავლა მოუწევს, რაც შეიძლება წლების განმავლობაში გაჭიანურდეს. იმავდროულად, ევროკავშირის ყველა წევრმა, მათ შორის ესპანეთმა, მხარი უნდა დაუჭიროს წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას, რაც, სავარაუდოდ, არ მოხდება.

რაც შეეხება ეკონომიკას, მოსალოდნელია, რომ სულ ცოტა დროებითი გაყრა ევროკავშირთან, ბევრ კატალონიურ საწარმოს და ბანკს ძალიან ძვირად დაუჯდება. დღეს, კატალონიური ავტოწარმოების პროდუქციის თითქმის მთელი ექსპორტი ევროკავშირზე მოდის. როგორც მესამე ქვეყანას, კატალონიას მოუწევს საზღვარზე ბაჟის გადახდა და ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმება. გარდა ამისა, გაურკვეველია, რა მოხდება კატალონიის საფრანგეთთან საზღვარზე, რომელიც რეგიონთან ევროკავშირის გარე საზღვარი გახდება და რომლის საშუალებითაც ხორციელდება დღეს ესპანური ტვირთის გადაზიდვა და მგზავრების გადაადგილება.

კომენტარები ()

სხვა თემები