08 აგვისტო 2017 - 23:55

რატომ არ უნდათ ფრანგებს პირველი ლედი? ისტორია

საფრანგეთის კონსტიტუციით და ელისეს სასახლის პროტოკოლით, პრეზიდენტის მეუღლეს ოფიციალური სტატუსი არ აქვს, თუმცა ტრადიციულად მის განკარგულებაშია ოფისი სასახლეში, ერთი ან ორი თანაშემწე და დაცვა. ამ ხარჯებისთვის ნებადართულია პრეზიდენტის ბიუჯეტიდან დაახლოებით 450 ათასი ევროს გამოყოფა. ნავარაუდევია ისიც, რომ ის თან ახლავს მეუღლეს ოფიციალურ ღონისძიებებზე და ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას.

წინასაარჩევნო დაპირება



გაპრეზიდენტებამდე ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ამ ფრანგულ ფარისევლობას ბოლოს მოუღებს და გამარჯვების შემთხვევაში პირველი ლედის სტატუსს დააკანონებს.

"როდესაც თქვენ გყავთ მეუღლე, მას უნდა ჰქონდეს თავისი როლი და მისი ეს როლი უნდა იყოს აღიარებული", - აცხადებდა მაკრონი.

მან პირობა დადო, რომ პირველი ლედის ხარჯები გადასახადების გადამხდელებს ტვირთად არ დააწვებოდა, თუმცა დღეს მას ოპონენტები სწორედ ფარისევლობაში ადანაშაულებენ.

ფრანგებს ოფიციალური პირველი ლედი არ უნდათ

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მეუღლეს არ უნდა მიენიჭოს პირველი ლედის ოფიციალური სტატუსი, - მიაჩნია 290 ათასს ფრანგს, რომლებმაც ხელი მოაწერეს შესაბამისს პეტიციას. მათი აზრით, არ არის საჭირო ბიუჯეტის გამოყოფა საზოგადოებრივი სახსრებიდან სახელმწიფოს მეთაურის ცოლისათვის.

ბრიტანული პრესის აზრით, მაკრონი ამ გადაწყვეტილებით ფრანგებს სერიოზულად გაანაწყენებს. თანაც ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც მისი პოპულარობა მცირდება. ივლისის კვლევებით, ახალი ლიდერით კმაყოფილი გამოკითხულთა მხოლოდ 36%-ია. პრეზიდენტობის ანალოგიურ პერიოდში ფრანსუა ოლანდი ფრანგების 56%-ის, ხოლო ნიკოლა სარკოზი - 66%-ის მხარდაჭერით სარგებლობდა.

მაკრონის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ის ცდილობს თავისი ცოლის საშუალებით შელახული პოპულარობის აღდგენას და საფრანგეთში ამერიკული მოდელის შემოღებას, მისაბაძ მაგალითად კი მიშელ ობამა ჰყავს, რომელიც პირველი ლედის რანგში აქტიურ როლს თამაშობდა.

აშშ-ის პრეზიდენტების მეუღლეების სტატუსს კანონი განსაზღვრავს



ამერიკის შეერთებულ შტატებში 1978 წლიდან მოქმედებს კანონი, რომელიც პრეზიდენტების მეუღლეებს "პირველი ლედის" სტატუსს ოფიციალურად ანიჭებს. ამ კანონის თანახმად, დონალდ ტრამპის მეუღლეს, მელანიას ოფიციალური სტატუსის გარდა, 12 დაქირავებული თანამშრომელი ჰყავს.

აშშ-სგან განსხვავებით, არც ბრიტანეთის პრემიერმინისტრის და არც გერმანიის კანცლერის მეუღლეები არანაირი ფორმალური სტატუსით არ სარგებლობენ. ისინი არაოფიციალური "პირველი ჯენტლმენები" არიან.

სხვათა შორის, პეტიციის ხელმომწერ ფრანგებს არგუმენტად ისიც მოჰყავთ, რომ მათ არ იციან მომავალი პრეზიდენტი ქალი იქნება თუ კაცი და ეჭვი ეპარებათ, რომ საფრანგეთი ოფიციალური "პირველი ჯენტლმენისთვის" მზად არის.

ბრიჟიტ მაკრონი მუდმივად ყურადღების ცენტრშია

ის მუდმივად ყურადღების ცენტრშია, არამხოლოდ თავის ქვეყანაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. "ფრანგებმა კაცი აირჩიეს, მაგრამ ელისეს სასახლეში აშკარად წყვილი ცხოვრობს", - დაწერა ჟურნალმა Voici-მ. მისი გამოსახულებიანი მაისურები მოდის ჟურნალების ყდებზე გაჩნდა. Elle წერს, რომ პრეზიდენტის ცოლი მათი ახალი "მოდური გასართობია".

მაგრამ მას ხშირად შეურაცხოფასაც აყენებენ, რაც ძირითადად ქმართან ასაკობრივ სხვაობას უკავშირდება. ის მაკრონზე 24 წლით უფროსია. ამის გამო პეტიციის ხელმომწერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათი მხრიდან პრეზიდენტის მეუღლის კრიტიკა პირადული ხასიათის არ არის, რომ ზოგადად გმობენ ბრიჟიტ მაკრონზე შოვინისტურ თავდასხმებს და მის უნარებს ეჭვქვეშ არ აყენებენ.

მაკრონები უკვე 20 წელია, ერთად ცხოვრობენ და 10 წელია, რაც დაქორწინებულები არიან.

საფრანგეთის პრეზიდენტების ცოლები



პოლიტოლოგების ნაწილს მიაჩნია, რომ ბრიჟიტ მაკრონი თავისი წინამორბედების ფონზე არაფრით გამოირჩევა და მაგალითად, ივონ დე გოლი და კლოდ პომპიდუ მოჰყავთ, რომლებიც ცნობილი საზოგადოებრივი ფიგურები იყვნენ. ისინი ფიქრობენ, რომ პირველი ლედის სტატუსის დაკანონებაში დემოკრატიული არაფერია, რადგან ფრანგები პრეზიდენტს ირჩევენ და არა საპრეზიდენტო წყვილს.  

ბრიჟიტ მაკრონის უშუალო წინამორბედის სიტუაცია აბსოლუტურად განსხვავებული იყო. ჟურნალისტი ვალერი ტრიერვეილერი პრეზიდენტ ოლანდის ცოლი ოფიციალურად არასდროს ყოფილა. მათი ურთიერთობა დაიწყო როგორც სასიყვარულო რომანი და ისინი დაშორდნენ, როდესაც ოლანდი ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო. მოგვიანებით ტრიერვეილერმა ოლანდზე გულახდილი მემუარები დაწერა.

ოლანდის წინამორბედ ნიკოლა სარკოზის ორი "პირველი ლედი" ჰყავდა.   

პირველ ცოლს, სესილიას ის პრეზიდენტად არჩევიდან მალევე დაშორდა. მოგვიანებით კი ცოლად მომღერალი კარლა ბრუნი მოიყვანა, რომელიც მალე მსოფლიოს 50 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა. სია 2010 წელს Forbes-მა შეადგინა და მასში პირველი ადგილი მიშელ ობამას ეკავა.

წინააღმდეგობის მიუხედავად, მაკრონი კანონის შეცვლას ცდილობს



ადგილობრივი მედიის ცნობით, წინააღმდეგობის მიუხედავად, ხელისუფლება განაგრძობს ამ საკითხზე მუშაობას და ამზადებს ცვლილებებს კანონმდებლობაში, რომელიც საფრანგეთის პირველი ლედის როლს დააკანონებს.
 
ფრანგული მედია წერს, რომ არაოფიციალური პირველი ლედი კვირაში დაახლოებით 150 წერილს იღებს. თანამშრომლების ახალი შტატი მას დაეხმარება კორესპონდენციასთან გამკლავებაში. მისთვის ხელფასის შესაძლო დანიშვნის შესახებ ცნობილი არაფერია, მაგრამ ის მიიღებს დამატებით სახსრებს თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურებისა და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის. ამ ნაბიჯის სასარგებლოდ ერთ-ერთი არგუმენტი ის არის, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.

კომენტარები ()

სხვა თემები