20 ოქტომბერი 2017 - 01:44

პუტინის მატა ჰარი. როგორ გახდა ქსენია სობჩაკი რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი

ქსენია სობჩაკი

ქსენია სობჩაკი

2012 წლის დეკემბერში, რუსი ტელეწამყვანი და ჟურნალ LʼOfficiel Russia-ს მთავარი რედაქტორი ქსენია სობჩაკი Twiter-ზე წერდა, რომ ის პუტინის მატა ჰარი არ არის და მასზე არ მუშაობს. ის დღესაც ამტკიცებს, რომ რუსეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მისი პირადი გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ მან 18 ოქტომბერს განაცხადა. რუსული მედია წერს, რომ მისი პროგრამის და საარჩევნო შტაბის შესაძლო წევრების შესახებ ჯერ თითქმის არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ მისი კონსულტანტი სავარაუდოდ, ვიტალი შკლიაროვი იქნება - მოსკოვის მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატების წარმატების თანაავტორი. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს გაიმართება.  

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი

2017 წლის 1 სექტემბერს, რუსულმა გაზეთმა Ведомости გამოაქვეყნა ცნობა, რომ კრემლი საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობისთვის ეძებდა ქალს და რომ სხვა რამდენიმე კანდიდატთან ერთად, ვლადიმერ პუტინის შესაძლო ოპონენტის როლში სობჩაკის კანდიდატურასაც განიხილავდა. “იდეალური ვარიანტია - ქსენია სობჩაკი, თანამედროვე ახალგაზრდა ქალის განსახიერება, რომელიც პოლიტიკაში წასვლაზე უარს არ იტყოდა: ჭკვიანი, კაშკაშა, საინტერესო და იმავდროულად, არატიპური რუსი ქალი, მთავარია - გადაწყვეტს თუ არა ის ამას”, - წერდა გამოცემა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ანონიმურ წყროზე დაყრდნობით.

ის, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდაპოლიტიკური გუნდი დაახლოებული ექსპერტებისგან აგროვებდა წინადადებებს არჩევნებში ქალის როლის შემსრულებელზე, ამას სხვა წყაროებიც ადასტურებდნენ. პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მაშინ განაცხადა, რომ “კრემლში ამაზე არ უფიქრიათ”, ხოლო სობჩაკმა ჯერ გამოცემა გააკრიტიკა იმისთვის, რომ ინფორმაცია მისი კომენტარის გარეშე გამოაქვეყნა, შემდეგ კი აღნიშნა, რომ არ აინტერესებს, კრემლის კაბინეტებში ვინ რას განიხილავს, რადგან რუსულ პოლიტიკურ ლანდშაფტს დიდი ხანია აკვირდება და რუსული პოლიტიკა არის მოსაწყენი და ამაზრზენი.

პუტინი: “თუ ღმერთი გწამთ!”

რამდენიმე დღეში სობჩაკის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზე კომენტარი გააკეთა ვლადიმერ პუტინმაც. “თუ ღმერთი გწამთ”, - ასე შეეპასუხა ის ჟურნალისტს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. პუტინმა განაცხადა, რომ ქსენია სობჩაკის მამას, ანატოლი სობჩაკს პატივს სცემს, ის რუსეთის თანამედროვე ისტორიის გამოჩენილ მოღვაწედ მიაჩნია, “მაგრამ როდესაც ლაპარაკია პრეზიდენტად კენჭისყრაზე, ასეთი პირადი დამოკიდებულებები ვერ ითამაშებს არსებით როლს”. პუტინმა პოლიტიკური კარიერა სობჩაკის მამის ადმინისტრაციაში დაიწყო, როდესაც ის სანქტ-პეტერბურგის მერი იყო. “მე არ უნდა განვსაზღვრავდე, ვინ უფრო გამოადგება რუსეთის სახელმწიფოს მეთაურად. საბოლოო ჯამში, ეს არჩევნებზე გაირკვევა”, - თქვა მან.  

19 ოქტომბერს, ვალდაის ფორუმის მონაწილეებთნ შეხვედრისას პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის შემდეგი პრეზიდენტი შეიძლება ქალი გახდეს.

“მნიშვნელოვანი ისტორია”

ორ კვირაში გაჩნდა ცნობა, რომ სობჩაკი თავისი წინასაარჩევნო შტაბისთვის ხელმძღვანელს ეძებდა. სხვადასხვა კანდიდატურებს შორის დასახელდა ტელეკომპანია Дождь-ის გენერალური დირექტორი ნატალია სინდეევა (სობჩაკი ამ არხზე მუშაობს). თუმცა ეს ინფორმაცია არცერთმა კანდიდატურამ ოფიციალურად არ დაადასტურა, მაგრამ ერთ-ერთ წყაროზე დაყრნობით BBC-ის რუსულმა სამსახურმა დაწერა, რომ საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობა სობჩაკს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესთავაზეს, რაც ტელეწამყვანს მოეწონა, მაგრამ მას ბიუჯეტი არ გამოუყვეს. “შეხვედრის დროს ის ყვებოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისტორია, რომ პრეზიდენტობისთვის ქალი იბრძოლებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქვეყნის განვითარებისთვის. იმავდროულად, სობჩაკმა თქვა, რომ მისი კამპანია არ უნდა იყოს პოლიტიკური”, - უთხრა BBC-ის რესპონდენტმა. სობჩაკმა ინფორმაცია ისევ უარყო.

ნავალნის რეაქცია

სობჩაკის კენჭისყრაზე გავრცელებულ ხმებს კრიტიკულად გამოემხაურა კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დამფუძნებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც თავად აწარმოებს საპრეზიდენტო კამპანიას. მაგრამ რუსეთის სახელმწიფო არ აპირებს მის არჩევნებზე დაშვებას, სულ ცოტა, 2028 წლამდე - “კიროვლესის” საქმეზე მისი ნასამართლეობის გამო. ნავალნი ამბობდა, რომ “სობჩაკს, რომელიც ძალიან კაშკაშა, ცნობადი და მიმზიდველი ადამიანია, საკმაოდ კაციჭამიური შეხედულებები აქვს ეკონომიკასა და პოლიტიკაზე, “მას უნდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა”, - თქვა ნავალნიმ და მოუწოდა სობჩაკს არ მიიღოს მონაწილეობა კრემლის თამაშში. 2017 წელის ივნისში, მანამდე სანამ ტელეწამყვანი Дождь-ზე მასთან ინტერვიუს ჩაწერდა, ნავალნიმ აღნიშნა, რომ “ვინმეს თუ აქვს საპრეზიდენტო ამბიციები, ეს ქსენია სობჩაკია”. სობჩაკმა პოლიტიკოსს უპასუხა, რომ მას აქვს არა კაციჭამიური, არამედ ზომიერი მემარჯვენე-ლიბერალური შეხედულებები, რომ არ არის კრემლის მარიონეტი და საერთოდ, ბოლო დროს საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობაზე იმდენს ლაპარაკობენ, რომ თავისდაუნებურად ამაზე უკვე ფიქრობს.

ალექსეი ნავალნი და მისი საპრეზიდენტო შტაბის ხელმძღვანელი ლეონიდ ვოლკოვი 2 ოქტომბერს უკანონო საპროტესტო აქციისკენ მოწოდებისთვის დააკავეს. მათ სასამართლომ 20-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. 

პუტინთან შეხვედრა

10 ოქტომბერს, ჟურნალ Glamour-თან ინტერვიუში მისი არჩევნებში მონაწილეობა განიხილებოდა როგორც შემდგარი ფაქტი. ოქტომბერში კი ის ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ოფიციალურად შეხვედრის მიზეზად დასახელდა ანატოლი სობჩაკის ცხოვრების და კარიერისადმი მიძღვნილი საიუბილეო ფილმის გადაღება. მაგრამ სობჩაკის 80 წლის იუბილე 10 აგვისტოს იყო. ტელეწამყვანის დედამ, ლუდმილა ნარუსოვამ თქვა, რომ პუტინი ამ ფილმში ერთ-ერთი სპიკერია.

პირველი არჩევნები

36 წლის სობჩაკი არჩევნებში პირველად მიიღებს მონაწილეობას. ის პოლიტიკით აქტიურად დაინტერესდა 2011 წლის ზამთრის და 2012 წლის გაზაფხულის საპროტესტო მიტინგების დროს: სიტყვით გამოდიოდა აქციებზე, საპროტესტო მსვლელობისთვის დააჯარიმეს კიდეც, 2012 წელს კი მისი სახლი გაჩხრიკეს. იმავდროულად, სობჩაკი ხელისუფლების შეცვლისკენ არ მოუწოდებდა. “ყველაზე მთავარია - ხელისუფლებაზე გავლენა და არა ბრძოლა ხელისუფლებისთვის”, - თქვა მან ერთ-ერთ მიტინგზე გამოსვლისას.

კანდიდატი “ყველას წინააღმდეგ”

პრეზიდენტად კენჭისყრის გადაწყვეტილება სობჩაკმა საზოგადოებას წერილით შეატყობინა, რომელიც 18 ოქტომბერს Ведомости-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. წერილში ის ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა საუკეთესო კანონიერი საშუალებაა ხელისუფლებასთან უთანხმოების გამოსახატავად და მისი უგულებელყოფა არ შეიძლება იმ შემთხვევაშიც თუ ნავალნის არ დაარეგისტრირებენ. სობჩაკი წერს, რომ მას უნდა იყოს კანდიდატი “ყველას წინააღმდეგ”, რომ მას მხარი უნდა დაუჭიროს ყველამ ვინც პუტინის, “იაბლოკოს” ლიდერის - გრიგორი იავლინსკის, კომუნისტების გენადი ზიუგანოვის და სხვა ტრადიციული საპრეზიდენტო კანდიდატების წინააღმდეგია. ის პირობას დებს, რომ არჩევნებს გამოიყენებს, როგორც  მოედანს აგიტაციისთვის და ქვეყანაში არსებული ცუდი სიტუაციის შესახებ ფართო აუდიტორიას უამბობს და არამხოლოდ ტელეკომპანია Дождь-ის მაყურებლებს. 

ვებგვერდის მისამართზე, რომელზეც სობჩაკის მიმართვა გამოქვეყნდა, ჩანს, რომ ის 30 სექტემბრით არის დათარიღებული. კამპანიასთან დაკავშირებული ინტერნეტმისამართები, მათ შორის მისი, როგორც კანდიდატის ოფიციალური ვებგვერდის მისამართი, 11 ოქტომბერს არის დარეგისტრირებული. ითქვა, რომ Ведомости-ის დირექტორთა საბჭოს წევრი დემიან კუდრიავცევი, რომლის ოჯახიც ფლობს გამოცემას და რომელიც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის - ბერნი სანდერსის მრჩეველი იყო, სობჩაკის კამპანიაში მონაწილეობს. კუდრიავცემა ცნობა უარყო. ითქვა ისიც, რომ კამპანიაში მონაწილეობს მიხეილ ხოდორკოვსკის მიერ დაფინანსებული “ღია რუსეთი”, მაგრამ ხოდორკოვსკის პრესმდივანმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. თუმცა თავად ხოდორკოვსკიმ Twitter-ზე დაწერა, რომ სობჩაკის ვიდეომიმართვაში “რაღაც არის” და ის “დაეხმარება ადამიანებს იმის გაგებაში, თუ რა არის არსი “არჩევნებისა არჩევანის გარეშე”.

სობჩაკმა კენჭისყრაზე მიღებული გადაწყვეტილებიდან მალევე ტელეკომპანია Дождь-ს, სადაც ის ახლა მუშაობს, ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ თუ არჩევნებში ალექსეი ნავალნის კანდიდატურას დაარეგისტრირებენ, ის თავის კანდიდატურას მის სასარგებლოდ მოხსნის. “ლევადა ცენტრის” მონაცემებით, 2017 წლის აგვისტოში სობჩაკის ანტირეიტინგი 8% იყო, რაც ნავალნის ანტირეიტინგზე ერთი პუნქტით ნაკლებია.

სხვა თემები