16 დეკემბერი 2017 - 19:00

რა იკრძალება და რა - არა საუდის არაბეთში? ისტორია

მედინა, საუდის არაბეთი

მედინა, საუდის არაბეთი

ფოტო: shutterstock.com

2018 წლის მარტიდან, 30 წლის შემდეგ პირველად, საუდის არაბეთში კინოთეატრები გაიხსნება, რომლებიც 1970-იანი წლების ბოლოს კონსერვატორი სასულიერო პირების ზეწოლით დახურეს. ახლა კრონპრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ქვეყანაში სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმებს ატარებს და კონცეფციის "ხედვა - 2030" ფარგლებში ცხოვრების ბევრ სფეროზე ზეწოლას ასუსტებს. მიუხედავად ამისა, საუდის არაბეთში დღემდე ბევრი რამ აკრძალულია. აკრძალვა ეხება ცხოვრების სხვადასხვა სფეროს და მოსახლეობის სხვადასხვა ფენას ისე, რომ კანონში გაწერილიც არ არის, არამედ ტრადიციიდან ან ადგილობრივი სასულიერო პირების გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.

ქალთა უფლებები

განსაკუთრებით ცნობილია ქალების უფლებებთან დაკავშირებული აკრძალვები. ქალს უნდა ჰყავდეს კაცი მეურვე - ქმარი, ან თუ ის არ ჰყავს - მამა, ძმა, ბიძა, ბაბუა და საკუთარი ვაჟიც კი. მეურვის თანხმობის გარეშე ქალს არ აქვს მუშაობის, ქვეყნის დატოვების, ბანკში ანგარიშის გახსნის და სახლიდან გასვლის უფლება. მამრობითი სქესის მეურვის არსებობის აუცილებლობაზე კანონში არაფერი წერია, თუმცა ეს წესი საყოველთაოდ მოქმედებს.

სახლის გარეთ ან კაცის თანდასწრებით, რომელიც ნათესავი არ არის, ქალს უნდა ეცვას გრძელი სახელოიანი სამოსი, რომელსაც აბაიას უწოდებენ და არ უნდა უჩანდეს თმა. კანონში არც ეს წერია, მაგრამ სპეციალური, ზნეობის პოლიცია, ამ წესის დაცვას ყურადღებით ადევნებს თვალს და რეგულარულად აპატიმრებს ქალებს, თუ მათ ტანზე მჭიდროდ მიკრული აბაიები აცვიათ ან თმა საკმარისად არ აქვთ დაფარული. 

ქალებს ეკრძალებათ კაცებთან ურთიერთობა, თუ ისინი არ არიან მათი ნათესავები ან მაღაზიის გამყიდვლები. მათ არ აქვთ უფლება ასევე მაღაზიაში ტანსაცმელი მოიზომონ, თუ პერსონალი მხოლოდ ქალებისგან არ შედგება, რადგან ქვეყნის სასულიერო პირების აზრით, ამან შეიძლება გამყიდვლის მორალური მდგრადობა შეარყიოს.    ​​​​​​

ქალებს არ აქვთ სასაფლაოებზე ან სპორტულ ღონისძიებებზე კაცების გარეშე წასვლის, ასევე მოდის ისეთი ჟურნალების კითხვის უფლება, რომლებსაც ცენზურა არ გაუვლიათ.

ბინ სალმანის პროგრამით, ამ შეზღუდვებიდან ზოგიერთი უქმდება. მაგალითად, 2017 წლის მაისში მან გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, ქალებს აღარ სჭირდებათ მეურვის თანხმობა იმისთვის, რომ უნივერსიტეტებში ჩააბარონ ან საავადმყოფოში ოპერაცია გაიკეთონ. ასევე, 2018 წლიდან ქალები შეძლებენ ავტომობილის მართვას და სპორტულ ღონისძიებებზე დასწრებას.

ცეკვა

2017 წლის აგვისტოში, ქალაქ ჯიდაში, დააპატიმრეს მოზარდი, რომელიც ქუჩაზე გადასვლის დროს მაკარენას ცეკვავდა. პოლიციამ განაცხადა, რომ ის საგზაო მოძრაობის წესებს და ზნეობის საფუძვლებს არღვევდა. იმავე თვეში, სამართალდაცველებმა დააკავეს ცნობილი საუდელი მომღერალი და ტელეწამყვანი აბდალ შაჰანი მას შემდეგ, რაც მან პირდაპირ ეთერში ცეკვა Dab-ის მოძრაობა შეასრულა. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ამ კონკრეტული ცეკვის მოძრაობა მარიხუანის მოხმარების პროპაგანდაა. თავისთავად ცხადია, რომ საწინააღმდეგო სქესის ადამიანებთან ნებისმიერი ცეკვა მკაცრად იკრძალება.

წმინდა ვალენტინის დღე

წმინდა ვალენტინის დღეს, საუდის არაბეთში აკრძალულია წითელი ვარდის, ნებისმიერი წითელი ფერის პროდუქტის ან გულის ფორმის საგნის გაყიდვა. ეს აკრძალვა საუდის არაბეთის სახელმწიფო ორგანიზაციამ, წესიერების ხელშეწყობისა და ცოდვისგან დაცვის კომიტეტმა შემოიღო. ორგანიზაციის ამოცანაა ამ თეოკრატიულ სახელმწიფოში შარიათის კანონების დაცვის ხელშეწყობა. კომიტეტმა დაადგინა, რომ ამ დღის აღნიშვნა ისლამურ ტრადიციებს არ შეესაბამება და შეიძლება ადამიანებს ცოდვის ჩადენისკენ უბიძგოს.

ჰარი პოტერი

საუდის არაბეთის ხელისუფლება ძალიან სერიოზულად ეკიდება მაგიის და ჯადოქრობის ნებისმიერ გამოვლინებას. შესაბამისად, ჰარი პოტერის თავგადასავლებზე ყველა წიგნი და ფილმი აკრძალულია. ჯადოქრობისთვის საუდის არაბეთში სიკვდილით სჯიან. ქვეყნის პოლიციაში მასთან ბრძოლის სპეციალური განყოფილება მუშაობს.

Pokemon Go

2001 წელს ქვეყნის ღვთისმეტყველთა საბჭომ პოკემონები აკრძალა. აკრძალვა 2016 წელს დადასტურდა, როდესაც გაჩნდა თამაში Pokemon Go. ღვთისმეტყველებს მიაჩნიათ, რომ ეს თამაში, როგორც რეალურ, ისე ვირტუალურ სივრცეში, ძალიან ჰგავს აზარტულ თამაშებს, რაც შარიათის კანონებით აკრძალულია. იმავდროულად, მათი აზრით, ამ თამაშის პერსონაჟები დარვინის ევოლუციის თეორიას ეფუძნებიან, რაც ასევე ეწინააღმდეგება ისლამის წესებს. ღვთისმეტყველებს მიაჩნიათ, რომ ამ თამაშში იყენებენ მასონურ და სიონისტურ სიმბოლიკას.

ეკლესიები და სხვა ტაძრები

საუდის არაბეთის ხელისუფლება არ უკრძალავს ქრისტიანებს ქვეყანაში შესვლას, მაგრამ მათ ეკრძალებათ საჯარო ლოცვა ან ღია ღვთისმსახურება. აკრძალულია ეკლესიების მშენებლობაც. ქრისტიანებს ერთად ლოცვა თავიანთი კერძო სახლის საზღვრებში შეუძლიათ. ანალოგიური წესები ვრცელდება სხვა რელიგიებზეც, გარდა სუნიტური ისლამისა.

საუდის არაბეთში ჩასვლა ბოლო დრომდე ეკრძალებოდათ იუდეველებს. თუმცა 2014 წელს, შრომის სამინისტრომ გამოაქვეყნა 10 რელიგიის სია, რომლებისთვისაც ქვეყანაში კერძო სექტორში პრაქტიკა ნებადართულია. სიაში მოხვდა იუდაიზმი და კომუნიზმი. ისრაელის ებრაელ მოქალაქეებს საუდის არაბეთში შესვლა დღემდე ეკრძალებათ. იმავდროულად, ისრაელის მოქალაქე ათასობით არაბი-მუსლიმი თავისი ისრაელური პასპორტით ყოველწლიურად სტუმრობს მექას.  ​​​

ზოგჯერ ამ ქვეყნის ხელისუფლება მოქნილობას ავლენს. სპარსეთის ყურეში პირველი ომის წინ ქვეყანაში დაახლოებით 450 ათასი ამერიკელი სამხედრო გაიგზავნა. ზოგიერთი ებრაელი იყო, ზოგიც - ქალი და სამხედრო ტრანსპორტს მართავდა. ერ-რიადი არაფერს იმჩნევდა - თითქოს არც იცოდა, რომ იქ ებრაელები იყვნენ ან ქალები კაცებთან ერთად მსახურობდნენ.

ფოტოგრაფია

ზოგადად, ფოტოგრაფია საუდის არაბეთში არ იკრძალება, მაგრამ არაფრით შეიძლება სამეფო ოჯახის კუთვნილი შენობების და სასახლეების გადაღება. ქუჩაში კაცების გადასაღებად მათი თანხმობაა საჭირო, ხოლო ქალების გადაღება არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება.

წვეულებები

ბარქბექიუ, მწვადი და წვეულებების მოწყობა საკუთარ ბაღში აკრძალული არ არის. მაგრამ ადამიანებს ეკრძალებათ საკუთარი სახლის მიღმა (ბაღში და მხოლოდ მწვადზეც კი) შეკრება პოლიციის სპეციალური ნებართვის გარეშე.

სახელები

საუდის არაბეთში არსებობს აკრძალული სახელების ოფიციალური სია. მაგალითად, არ შეიძლება ბავშვისთვის მალიკის ან ბენიამინის, ასევე ნაბის (წინასწარმეტყველი) ან ნაბიას დარქმევა. ზოგიერთი სახელი სიაში რელიგიური, ზოგიერთი კი აშკარად - პოლიტიკური მოსაზრებების გამო მოხვდა. მაგალითად, ბენიამინი ჰქვია ისრაელის პრემიერმინისტრს. ბავშვს ვერ დაარქმევენ ვერც აბდელ ნასერს - ასე ერქვა ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც თავის ქვეყანაში ისლამისტურ მოძრაობას ახშობდა და რომელსაც საუდის არაბეთთან ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა.

ალკოჰოლი და ღორის ხორცი

საუდის არაბეთში ალკოჰოლი და ღორის ხორცის არც შეტანა და არც წარმოება არ შეიძლება. აკრძალულია ასევე ნებისმიერი სხვა პროდუქტი, რომელიც შეიძლება ამ ორიდან რომელიმეს შეიცავდეს. აკრძალულია ასევე ისეთი ცხოველების ხორციც, რომლებიც შარიათის კანონების დაცვით არ მოუკლავთ. რადგან საუდის არაბეთში ცხვრის ხორცის უდიდესი ნაწილი ავსტრალიიდან ან ახალი ზელანდიიდან არის, ცხოველები არაბეთის ნახევარკუნძულზე ან ცოცხლები გადაჰყავთ ან ახალზელანდიელები ადგილობრივ იმამებს ქირაობენ, რომლებიც წყვეტენ, ვარგისია თუ არა ხორცი მოხმარებისთვის შარიათის კანონების თანახმად.

ხმოვანი ინტერნეტ-კავშირი

2017 წლის სექტემბრამდე საუდის არაბეთში აკრძალული იყო IP-სატელეფონო მომსახურება, რომელსაც მომხმარებლებს სთავაზობენ Skype-ი, Facebook-ი, Whatsapp-ი და სხვა მსგავსი პროვაიდერები. ხელისუფლება შიშობდა, რომ ოპოზიციური ძალები (პროდემოკრატებიც და ჯიჰადისტებიც), სპეცსამსახურების გვერდის ავლით შეძლებდნენ საერთაშორისო კონტაქტზე ყოფნას, რადგან ინტერნეტი იოლად ჩასახშობი კომუნიკაციის საშუალება არ არის. თუმცა, დღეს ხმოვანი ინტერნეტ-კავშირის გამოყენება მოქალაქეებს აღარ ეკრძალებათ.

წყარო: BBC

სხვა თემები