05 იანვარი 2018 - 03:45

რა წერია სკანდალურ წიგნში, რომლის დაბლოკვაც დონალდ ტრამპის იურისტებმა სცადეს?

ფოტო: shutterstock.com

3 იანვარს, New York Magazine-ში გამოქვეყნდა ფრაგმენტები მაიკლ ვულფის წიგნიდან “ცეცხლი და მძვინვარება: ტრამპის თეთრ სახლში”. წიგნი მაღაზიებში ორშაბათიდან გაიყიდება. მასში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის სტივ ბენონის კომენტარებია, რის გამოც ტრამპის იურისტები მასთან დავას სასამართლოში აპირებენ. პრეზიდენტის ადვოკატებმა წერილი წიგნის ავტორ მაიკლ ვულფს და მის გამომცემელსაც გაუგზავნეს და მოითხოვეს სასწრაფოდ შეწყვიტონ წიგნის გამოცემა, გაყიდვა და გავრცელება.

სტივ ბენონი ვინ არის?

დონალდ ტრამპის მთავრობის ერთ-ერთი საკვანძო და ყველაზე სადავო ფიგურა. ის ადმინისტრაციაში სტრატეგიულ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა. ბენონი ტრამპის ადმინისტრაციიდან მას შემდეგ დაითხოვეს, რაც მედიასთან ინტერვიუებში ისეთი განცხადებები გააკეთა, რომლებიც თეთრი სახლის ოფიციალურ პოზიციას ეწინააღმდეგებოდა.

ტრამპის წინასაარჩევნო კამპნიაში ჩართვამდე, ჟურნალისტი და რედაქტორი ბენონი ულტრაკონსერვატიული შეხედულებების ვებგვერდს Breitbart-ს ხელმძღვანელობდა და ცნობილი იყო თავისი რადიკალური შეხედულებებით: ის რუსი ფილოსოფოსის ალექსანდრ დუგინის მოსაზრებებს იზიარებდა, ღიად გამოდიოდა მუსლიმების წინააღმდეგ და “იუდეურ-ქრისტიანული ფასეულობებისთვის” ბრძოლისკენ მოუწოდებდა.

16 აგვისტოს, მან მოულოდნელად ინტერვიუ მისცა მემარცხენე გამოცემა The American Prospect-ის მთავარ რედაქტორ რობერტ კატნერს (რომელსაც მისთვის ინტერვიუ არ უთხოვია), რომელშიც თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის კრიზისი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება და რომ ჩინეთს და აშშ-ის შორის სავაჭრო ომი დიდი ხანია გაჩაღებულია. ორივე ეს განცხადება აბსოლუტურად ეწინააღმდეგებოდა თეთრი სახლის ოფიციალურ პოზიციას.

18 აგვისტოს, თეთრი სახლის წარმომადგენელმა სარა სანდერსმა განაცხადა, რომ სტივ ბენონი ადმინისტრაციას ტოვებს. მეორე დღეს, Breitbart-მა დაადასტურა, რომ ბენონი დაბრუნდა გამოცემის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, რომელიც ერთი წლით ადრე ტრამპის გუნდში მუშაობის გამო დატოვა.

მაიკლ ვულფის წიგნში სტივ ბენონის ნაამბობის შეფასებისას ტრამპმა განაცხადა, რომ “თეთრ სახლში სამსახურის დაკარგვის შემდეგ სტივ ბენონმა "ჭკუა დაკარგა". თეთრი სახლი წიგნში მოყვანილ ფაქტებს სიცრუეს და ცილისწამებას უწოდებს.

მაიკლ ვულფი ვინ არის?

64 წლის ჟურნალისტი, რეგულარულად წერს სტატიებს გამოცემებისთვის New York magazine და Vanity Fair. მისი პუბლიკაციები მკითხველს ხშირად დიდი მედიაორგანიზაციების მუშაობის კულუარებზე და მათ მეპატრონეებზე მოუთხრობს. ის ცნობილია რუპერტ მერდოკზე დაწერილი წიგნით, რომელიც 2008 წელს გამოიცა. მას ახასიათებენ, როგორც არა ტრადიციულ ჟურნალისტს, არამედ მწერალს, რომლის პუბლიკაციების წყაროც ხშირად ხანგრძლივ სადილებზე და კოქტეილის საღამოებზე გაგონილი კულუარული ცნობებია.

ვულფი, ნიუ-იორკის ელიტას კარგად იცნობს, შესაბამისად დონალდ ტრამპსაც. 2016 წელს, როდესაც ტრამპი რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა, ჟურნალისტმა მასთან ინტერვიუ ჩაწერა The Hollywood Reporter-ისთვის; სავარაუდოდ, ტრამპს ინტერვიუ მოეწონა. როდესაც მილიარდერმა არჩევნები მოიგო ვულფმა მას შესთავაზა, რომ მის პრეზიდენტობაზე წიგნს დაწერდა. ტრამპი არ დაინტერესდა, მაგრამ ჟურნალისტს მუშაობაში ხელი არ შეუშალა. სწორედ ამის წყალობით, ვულფმა თეთრი სახლის მუდმივი საშვი მოიპოვა და მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სტატუსი არ გააჩნდა, თვეების განმავლობაში დროს პრეზიდენტის შტაბ-ბინაში ატარებდა და ელაპარაკებოდა ყველა გამვლელს, მათ შორის, სულ ცოტა ერთხელ, ტრამპსაც ელაპარაკა.

მაიკლ ვულფის წიგნში რა წერია?

წიგნი ეფუძნება 200-ზე მეტ ინტერვიუს, მათ შორის თავად პრეზიდენტთან, მისი უახლოესი გარემოცვის და ამერიკის ისტებლიშმენტის გავლენიან წარმომადგენლებთან.

სტივ ბენონმა ტრამპის შვილი ღალატში დაადანაშაულა

წიგნში ნათქვამია, რომ თეთრი სახლის ყოფილი სტრატეგი სტივ ბენონი არჩევნების წინ ტრამპის შვილის რუსებთან შეხვედრას ღალატს უწოდებს. შეხვედრაზე, რომელიც 2016 წლის ივნისში გაიმართა, რუსმა ადვოკატმა უმცროს ტრამპს ჰილარი კლინტონზე კომპრომატი შესთავაზა. “კამპანიის სამმა მთავარმა ფიგურანტმა ვერაფერი ცუდი ვერ დაინახა იმაში, რომ იურისტების გარეშე ხვდებოდნენ უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებს ტრამპ-თაუერის საკონფერენციო დარბაზში, 25-ე სართულზე. არცერთი იურისტი შეხვედრას არ ესწრებოდა. იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი ვერაფერს არაპატრიოტულს და მოღალატურს ამაში ვერ ხედავდნენ - თუმცა მე ამას სწორედ ამას დავარქმევდი - მათ, პირველ რიგში, უნდა ეცნობებინათ გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის”, - ამბობს ბენონი.

ტრამპი საკუთარი გამარჯვებისგან შოკში იყო

მაიკლ ვულფი, სტივ ბენონზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპს და მის გუნდს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების იმედი არ ჰქონდათ და კენჭისყრის შედეგებით შოკირებულები იყვნენ. სტივ ბენონის თქმით, არჩევნების დღეს, 20.00 საათის შემდეგ, როდესაც მოულოდნელი ტენდენცია - ტრამპის შესაძლო გამარჯვება - რეალობად იქცა, უმცროსი დონალდ ტრამპი თავის მეგობარს უყვებოდა, რომ მამამისს ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს მოჩვენება დაინახა; მელანია ტიროდა, მაგრამ არა სიხარულისგან; მომდევნო ერთი საათის განმავლობაში ტრამპის ტრანსფორმაცია მოხდა - დაბნეულიდან ის გადაიქცა შოკირებულ ტრამპად, ბოლოს კი დაიჯერა, რომ გამარჯვება დაიმსახურა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობას თავისუფლად შეძლებს.

ტრამპი ინაუგურაციაზე ბრაზობდა

ვულფი წერს, რომ ტრამპს თავის ინაუგურაციაზე არანაირი სიამოვნება არ მიუღია. ის ბრაზობდა, რომ ცნობილი ვარსკვლავები ღონისძიებას არ დაესწრნენ; გაღიზიანებული იყო, რომ ღამის გატარება საპრეზიდენტო სასტუმროში Blair House-ში მოუწია (ამ ტრადიციას საფუძველი ჯიმი კარტერმა ჩაუყარა); მუდმივად ხელს ჰკრავდა ცოლს, რომელიც ტირილამდე მიჰყავდა; მთელი დღის განმავლობაში ისეთი სახე ჰქონდა, როგორიც, მისი გარემოცვის თქმით, გოლფის თამაშის დროს აქვს - გაბრაზებული, უკმაყოფილო, წარბშეჭმუხნული, ტუჩებმოკუმული.

ტრამპს თეთრი სახლის ეშინოდა

თეთრი სახლი ტრამპს უსიამოვნო და ცოტა საშიშ ადგილადაც მოეჩვენა. ის უმალ თავის საძინებელში შეიკეტა. პირველად, პრეზიდენტ კენედის შემდეგ, საპრეზიდენტო წყვილმა ცალ-ცალკე საძინებლები მოითხოვა. ტრამპმა, ოთახისთვის დამატებით ორი ტელევიზორი და კარზე საკეტის დაყენება ითხოვა, მიუხედავად სპეცსამსახურების პროტესტისა, რომლებიც უმტკიცებდნენ, რომ მათ ოთახზე წვდომა უნდა ჰქონოდათ.

ივანკა ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტობა უნდა

მაიკლ ვულფი ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპის შვილი ივანკა და მისი ქმარი ჯარედ კუშნერი შეთანხმდნენ რომ მომავალში მათგან პრეზიდენტობისთვის ბრძოლას სწორედ ივანკა შეეცდება. 

“ისინი შეთანხმდენენ, რომ თუ მომავალში შესაძლებლობა გაჩნდება, ივანკა თავს პრეზიდენტობის კანდიდატად წამოაყენებს. მან გადაწყვიტა, რომ პირველი ქალი პრეზიდენტი სწორედ ის იქნება და არა ჰილარი კლინტონი. სტივ ბენონი, რომელმაც ახალგაზრდა წყვილს მეტსახელად “ჯარვანკა” (ჯარედი და ივანკა) შეარქვა, შოკში ჩავარდა, როდესაც წყვილის გეგმების შესახებ შეიტყო”.   
 
ივანკა მამის ვარცხნილობას დასცინის

წიგნის ავტორის თანახმად, პრეზიდენტის ქალიშვილი მამამისს ერთგვარი ირონიით უყურებს და მის ვარცხნილობასაც დასცინის. ის თავის მეგობრებთან ტრამპის ვარცხნილობას იმით ხსნის, რომ მას თმის გადანეგვის ოპერაცია აქვს გაკეთებული; ივანკა ტრამპი ხუმრობს, რომ პრეზიდენტი თმას სპეციალური საღებავით Just For Мen იღებავს, რომელსაც თმაზე რაც უფრო დიდხანს იჩერებ, მით უფრო მუქდება, მაგრამ ტრამპი სულსწრაფია, საღებავს მალე იშორებს, რის გამოც თმა, ფაქტობრივად, ნარინჯისფერია.

თეთრ სახლს მკაფიო პრიორიტეტები არ აქვს

კეტი უოლშმა, რომელიც ერთი წლის წინ, თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნა, პრეზიდენტის მთავარ მრჩეველს ჯარედ კუშნერს ადმინისტრაციის მიზნების შესახებ ჰკითხა. ვულფი წერს, რომ ჯარედმა მას ვერ უპასუხა.

“მითხარი სამი რამ, რაზეც პრეზიდენტს ყურადღების გამახვილება სურს. თეთრი სახლის სამი მთავარი პრიორიტეტი რა არის? - ჰკითხა უოლშმა კუშნერს. ამ კითხვაზე პრეზიდენტობის ნებისმიერ კანდიდატს პასუხი გამარჯვებამდე ბევრად ადრე აქვს. ტრამპი უკვე ექვსი კვირის პრეზიდენტი იყო, მაგრამ კუშნერს უოლშის კითხვაზე პასუხი არ აღმოაჩნდა და უთხრა, რომ ამაზე მოგვიანებით დაელაპარაკებოდა”.

ტრამპი რუპერტ მერდოკით აღფრთოვანებულია

მაიკლ ვულფი, რომელსაც მანამდე რუპერტ მერდოკის ბიოგრაფია აქვს დაწერილი, აღწერს თუ როგორი პატივისცემით ეპყრობა პრეზიდენტი ტრამპი მოხუც მედიამაგნატს.

“რუპერტ მერდოკი, რომელმაც თქვა, რომ ის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან მისალოცად მივიდოდა, აგვიანებდა. როდესაც რომელიმე სტუმარი წასასვლელად მოემზადებოდა, ტრამპი მას არწმუნებდა, რომ რუპერტი გზაში იყო და მალე შეუერთდებოდათ. “ის ერთ-ერთი უდიდესი ადამიანია, უკანასკნელია დიდ ადამიანებს შორის. თქვენ უნდა დარჩეთ და ნახოთ ის”, - ამბობდა ტრამპი, რომელიც ვერ აცნობიერებდა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ფიგურა გახდა და ამაში დასარწმუნებლად თითქოს მედიამაგნატის თანხმობა სჭირდებოდა, რომელიც წარსულში ტრამპის მიმართ აგდებულ დამოკიდებულება არ მალავდა და ერთხელ მას თაღლითი და სულელიც კი უწოდა.

მერდოკი ტრამპს იდიოტს უწოდებს

ვულფი თავის წიგნში აღწერს ინციდენტს, რომელიც ტრამპს და მერდოკს შორის მოხდა. მათ შორის სატელეფნო საუბარი სილიკონის ველის ბიზნესმენებთან პრეზიდენტის შეხვედრის შედეგებზე გაიმართა.

“ამ ბიჭებს ჩემი დახმარება სჭირდებათ. ობამა მათ კარგად არ ეპყრობოდა, ძალიან მკაცრი რეგლამენტი დაუწესა. ეს ჩემი შანსია დავეხმარო მათ”, - უთხრა ტრამპმა მერდოკს, გულისხმობდა რა საიმიგრაციო კანონის იმ ნაწილის შემსუბუქებას, რომელიც ამერიკას მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიღებაში დაეხმარება.

მერდოკმა ტრამპს შეახსენა, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუშლიდა მას წინასაარჩევნო დაპირების შესრულებაში, რაც საზღვრების ჩაკეტვას და კედლის აშენებას გულისხმობდა. ალოგიკურობის გამო მერდოკმა ტრამს იდიოტი უწოდა.

ფლინმა იცოდა, რომ რუსეთთან კავშირებს არ აპატიებდნენ

დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინმა იცოდა, რომ Russia Today-სგან 45 ათასი დოლარის მიღებას გამოსვლისთვის ამ რუსული სახელმწიფო ტელევიზიის მიერ მოწყობილ კონფერენციაზე 2015 წელს, არავინ შეარჩენდა. ვულფი ამტკიცებს, რომ კამპანიის დასაწყისში ფლინს მეგობრები აფრთხილებდნენ რომ ეს მომენტი პრობლემას შექმნიდა. “ეს პრობლემას იმ შემთხვევაში შექმნის, თუ გავიმარჯვებთ”, - ამბობდა ფლინი.

მაიკლ ფლინს რამდენიმე ეპიზოდის გამო ბრალი სპეციალური გამოძიების ფარგლებში წაუყენეს. საქმეს, რომელიც აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას ეხება, რობერტ მიულერი იძიებს.

სხვა თემები