27 იანვარი 2018 - 22:16

რა არის ცნობილი დონალდ ტრამპის კავშირებზე პორნოვარსკვლავებთან?

დონალდ და მელანია ტრამპები

დონალდ და მელანია ტრამპები

ფოტო: shutterstock.com

როდესაც შვეიცარიაში, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე აშშ-ის პრეზიდენტი მეუღლის გარეშე ჩავიდა, გერმანულმა Die Welt-მა ივარაუდა, რომ მიზეზი ტრამპის პორნოვარსკვლავებთან კავშირზე დაწყებული სკანდალი და ამის გამო ცოლ-ქმარს შორის განხეთქილება იყო. ამერიკის პირველი ლედის ოფისმა ეს ცნობა უარყო. დღეს კი თეთრ სახლში კიდევ ერთი ინფორმაციის უარყოფა მოუხდათ. პრეზიდენტის მეუღლის წარმომადგენელმა თეთრ სახლში Twitter-ზე დაწერა, რომ დონალდ და მელანია ტრამპები პრეზიდენტის რეზიდენციაში ცალ-ცალკე არ ცხოვრობენ. ადმინისტრაციის რეაქცია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის თანახმად, პრეზიდენტისა და პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსის რომანის გახმაურების შემდეგ, გაბრაზებულმა მელანია ტრამპმა თითქოს რამდენიმე ღამე სასტუმროში გაატარა.

სკანდალი

ამერიკელი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ დონალდ ტრამპმა 130 ათასი დოლარი გადაუხადა პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელს მილიარდერთან სექსუალურ კავშირზე დუმილის სანაცვლოდ. ამის შესახებ პირველად The Wall Street Journal-მა დაწერა. მეორე პორნომსახიობთან, ჯესიკა დრეიკთან მან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ქალს პრეზიდენტის სახელის ხსენებას უკრძალავს, - ამტკიცებს გამოცემა The Daily Beast-ი.

სტორმი დენიელსი



იანვრის დასაწყისში, ამერიკულმა გაზეთმა The Wall Street Journal-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმად, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, მილიარდერ დონალდ ტრამპის ადვოკატმა მაიკლ კოენმა პორნოვარსკვლავ სტეფანი კლიფორდთან (სტორმი დენიელსი მისი სასცენო ფსევდონიმია) შეთანხმების ფარგლებში 130 ათასი დოლარი გადაიხადა. სტატიაში წერია, რომ ტრამპს და კლიფორდს სექსი 2006 წელს ჰქონდათ, გოლფის ტურნირის დროს, რომელზეც ქალი სტუმრის სტატუსით დაპატიჟეს. ეს მოხდა ოთხ თვეში მას შემდეგ, რაც მელანია ტრამპმა მილიარდერის უმცროსი შვილი - ბერონი გააჩინა.

10 წლის შემდეგ, კლიფორდმა გადაწყვიტა ამ ამბის შესახებ პრესისთვის მოეყოლა და ჟურნალისტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ტრამპის ადვოკატმა მას დუმილისთვის ფული გადაუხადა: შეთანხმება თითქოს უკრძალავს მას აშშ-ის დღევანდელ პრეზიდენტთან კავშირზე რაიმეს მოყოლას.

რამდენად სანდოა ეს ცნობები გაურკვეველია. ერთი მხრივ, თეთრი სახლი და ტრამპის წარმომადგენლები ყველაფერს უარყოფენ, ხოლო კოენმა ჟურნალისტებს კლიფორდის წერილობითი განცხადებაც კი გადასცა, რომელშიც ის მილიარდერთან კავშირს უარყოფს. წერილში ნათქვამია, რომ ეს ყველაფერი ჭორია და მისთვის დუმილის სანაცვლოდ ფული არავის გადაუხდია.

იმავდროულად, The Daily Beast-ი ამტკიცებს, რომ ზუსტად აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების წინ კლიფორდთან მოლაპარაკებები ჰქონდა და ქალი მათთვის პრეზიდენტთან კავშირის შესახებ ამბის მოყოლას აპირებდა. გამოცემა Slate-ის მთავარმა რედაქტორმა ჯეიკობ უაისბერგმა The New York Times-ს უამბო, რომ პირადად შეხვდა არჩევნების წინ კლიფორდს და ქალმა მას სწორედ ის შეთანხმება აჩვენა, რომლის თანახმად პორნოვარსკვლავს დუმილის სანაცვლოდ 130 ათასი დოლარი გადაუხადეს.

ამ მოვლენების კიდევ ერთი ირიბი დადასტურებაა The Daily Beast-ის სტატია, რომელშიც კლიფორდის ნაცნობი ალანა ევანსი ადასტურებს, რომ 2006 წლის ივლისში თავის მეგობარს ტრამპთან ურთიერთობა ჰქონდა. ევანსი ამბობს, რომ კლიფორდი მას ტრამპის ნომერში წვეულებაზე ეპატიჟებოდა, შემდეგ კი ყვებოდა, რომ საცვლებში გამოწყობილი მილიარდერი მას ნომერში დასდევდა. ევანსი კამპანიას არ შეუერთდა. The Daily Beast-ის ეს ცნობები კიდევ რამდენიმე ანონიმურმა წყარომ დაადასტურა.

ჯესიკა დრეიკი



პორნოვარსკვლავი ჯესიკა დრეიკი ერთ-ერთია იმ 14 ქალიდან, რომელმაც 2016 წლის ოქტომბერში დონალდ ტრამპი სექსუალურ შევიწროებაში საჯაროდ დაადანაშაულა. ის მაშინ აცხადებდა, რომ 2006 წელს ტრმპმა მას ძალით აკოცა, შემდეგ კი სექსისთვის 10 ათას დოლარს სთავაზობდა. ამის შემდეგ დრეიკს ჟურნალისტებთან არცერთხელ აღარ უსაუბრია.

The Daily Beast-მა გაარკვია, რომ სინამდვილეში დრეიკმა შესაძლოა ხელი მოაწერა ტრამპთან შეთანხმებას, რომელიც უკრძალავს მას მილიარდერის ნებისმიერ კონტექსტში ხსენებას. ამის შესახებ გამოცემას დრეიკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოშ ორტიცმა უამბო. "ჯესიკასთან შეთანხმება უკრძალავს მას რაიმე ფორმით ტრამპის ხსენებას, ანუ კანონით ის ვერაფერზე კომენტარს ვერ გააკეთებს", - წერს გამოცემა. მაგრამ პუბლიკაციის გამოქვეყნების მეორე დღეს ორტიცმა თქვა, რომ არანაირ შეთანხმებაზე არ სმენია და ჟურნალისტებს შეცდომით და არაინფორმირებულობის გამო ელაპარაკა. მან თქვა, რომ The Daily Beast-ის ჟურნალისტებმა ის მოატყუეს. თავად ჯეისიკა დრეიკს კომენტარი არ გაუკეთებია. Buzzfeed-ი ასევე ამტკიცებს, რომ დრეიკს ტრამპზე ლაპარაკი არ შეუძლია, მაგრამ მიზეზს არ ასახელებს.

კარენ მაკდუგალი



ლაპარაკია
 ტრამპის კავშირზე კიდევ ერთ მოდელთან. კარენ მაკდუგალი 1998 წელს Playboy-ს წლის გოგო გახდა. The Wall Street Journal-ი ამტკიცებს, რომ 2006-2007 წლებში მას ტრამთან რომანი ჰქონდა. ჟურნალმა The National Enquirer-ი, რომელიც ტრამპის მხარდამჭერია, მაკდუგალს 150 ათასი დოლარი გადაუხდა იმისთვის, რომ ქალს გამოცემისთვის მილიარდერთან ურთიერთობის შესახებ მოეყოლა, მაგრამ მასალა, გაურკვეველი მიზეზების გამო, არ გამოქვეყნდა.

სხვა თემები