15 თებერვალი 2018 - 12:46

ვინ არის ნიკოლას კრუზი, რომელმაც ფლორიდის სკოლაში 17 ადამიანი მოკლა. მთავარი

ფოტო: abcnews.go.com

14 თებერვალს ფლორიდის ერთ-ერთ სკოლას შეიარაღებული მოზარდი დაესხა თავს. ადგილობრივი დროით 14:40 საათზე, გაკვეთილების დასრულების წინ, პარკლენდის სკოლაში, დღის განმავლობაში ორჯერ ამუშავდა სახანძრო სიგნალიზაცია. ამის შემდეგ მალევე დაიწყო სროლა. სკოლაში ევაკუაცია გამოაცხადდა. ზოგიერთმა მოსწავლემ და მასწავლებელმა შეძლო სროლის დასრულებამდე საკლასო ოთახებში დამალვა, სადაც ბარიკადები მოაწყვეს. დაღუპულია 17 ადამიანი.

დაღუპულებს შორის არიან უფროსებიც და ბავშვებიც

მათგან სამი მოკლულია სკოლის შენობასთან, კიდევ 12 შენობაში სროლის დროს. ორი დაჭრილი ჰოსპიტალიზების შემდეგ გარდაიცვალა. საავადმყოფოშია 15 დაშავებული. გარდაცვლილების ამოცნობის პროცესი არ დასრულებულა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ დაღუპულებს შორის (სხვა მონაცემებით, დაჭრილებს შორის) სულ ცოტა 2 პედაგოგია, მათ შორის ფეხბურთის მწვრთნელი, რომელიც მოსწავლეებს გადაეფარა.

მკვლელი იმავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, 19 წლის ნიკოლას კრუზია

მან შეძლო შენობიდან შეუმჩნევლად გამოსვლა, რადგან ხალხის მასაში გაერია, მაგრამ მოგვიანებით დააკავეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნიკოლას კრუზი ისროდა ნახევრადავტომატური იარაღიდან AR-15. მოზარდს დაკავების დროს აღმოაჩნდა აირწინაღი და ცრემლსადენი მოწყობილობები, მაგრამ გამოიყენა თუ არა ის, დაზუსტებული არ არის. უცნობია თავდასხმის მოტივიც.

თავდამსხმელი



მანამდე კრუზი იმ სკოლაში სწავლობდა, რომელსაც თავს დაესხა, მაგრამ სკოლიდან ცუდი ქცევის გამო გარიცხეს. მათემატიკის მასწავლებლის ჯიმ გარდის თქმით, ის სხვა მოსწავლეებს ემუქრებოდა, მოზარდი ადრე დასჯილია იმის გამო, რომ სკოლაში მასრები მიჰქონდა.

ახლახან კრუზი მშობლების მეურვეობის გარეშე დარჩა - მისი დედობილი 2017 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. ამასთან, კრუზს პერიოდულად იბარებდნენ პოლიციაში, რადგან მეზობლების ქათმებს იარაღიდან ესროდა და კლავდა. ის რეზერვის ოფიცრების კურსებზე დადიოდა და მუდმივად აქვეყნებდა იარაღის ფოტოებს თავის Instagram-ზე. მის ერთ-ერთ ექაუნთს პისტოლეტის მარკის პატივსაცემად ერქვა "ნიკოლას კრუზი მაკაროვი". კრუზის ნათესავმა ადგილობრივ გამოცემას Sun Sentinel უამბო, რომ მოზარდს აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს.

პარკლენდის სკოლაზე თავდასხმა მსხვერპლის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე რეკორდულია

სკოლებზე თავდასხმისას მსხვერპლის მხრივ ეს ერთ-ერთი ყველაზე რეკორდული მაჩვენებელია აშშ-ის ისტორიაში. 2012 წელს, "სენდი-ჰუკის" სკოლაში სროლის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, 1999 წელს "კოლუმბაინში" - 12. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაღუპულების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა, მაგრამ იარაღის გაყიდვაზე კონტროლის გამკაცების შესახებ არაფერი უთქვამს. აშშ-შის მსროლელთა ნაციონალურმა ასოციაციამ (NRA) თავის Twitter-ის გვერდზე წაშალა პოსტი, რომელშიც წმინდა ვალენტინის დღეს მოქალაქეებს იარაღის ყიდვისკენ მოუწოდებდა.

სტატისტიკა

2017 წლის 1 ოქტომბერს, აშშ-ის ქალაქ ლას-ვეგასში, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მასობრივი მკვლელობა მოხდა. 64 წლის სტივენ პედოკმა მუსიკალურ ფესტივალზე მოკლა 60-მდე ადამიანი, დაშავდა 500-ზე მეტი. ამ ფაქტმა ხელი შეუწყო დისკუსიის განახლებას აშშ-ში ისეთ თემაზე, როგორიცაა ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის და ტარების უფლება, ასევე იარაღის გაყიდვაზე შესაძლო შეზღუდვების დაწესება.

2016 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ცეცხლსასროლი იარაღით დაღუპულია 11 004 ადამიანი, აქედან 5 500 თვითმკვლელია, 71 ადამიანი არის მასობრივი მკვლელობების მსხვერპლი. ეს ძალადობრივი სიკვდილის ყველა შემთხვევის დაახლოებით 2/3-ია, მათ შორისაა როგორც განზრახ ასევე გაუფრთხილებლობით მკვლელობები.

1982 წლიდან აშშ-ში ცეცხლსასროლი იარაღით მასობრივი მკვლელობების 90-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ეს სტატისტიკა მოიცავს ფაქტებს, როდესაც უმისამართო სროლის დროს ოთხი ან მეტი ადამიანი დაიღუპა. თუმცა, ამ კატეგორიის დანაშაულების დროს დაღუპულთა საერთო რაოდენობა ძალიან მცირე ნაწილია გარდაცვლილთა იმ საერთო რიცხვისა, რასაც ცეცხლსასროლი იარაღით დაღუპულები შეადგენენ.

ასევე, 2016 წლის კვლევაში, რომელიც გამოცემა American Journal of Public Health-ში გამოქვეყნდა, ჩანს აშკარა კავშირი სხვადასხვა შტატში მოქალაქეების მიერ იარაღის ქონასა და ამ იარაღით თვითმკვლელობების რიცხვს შორის. 2015 წელს ცეცხლსასროლი იარაღით თვითმკვლელობების რაოდენობამ ორჯერ გადააჭარბა ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობების რიცხვს და ეს მაჩვენებელი იზრდება.

ბოლო დროის მასობრივი მკვლელობებისას უმრავლეს შემთხვევაში, მაგალითად, ორლანდოს ღამის კლუბში და კონექტიკუტის "სენდი-ჰუკის" სკოლაში მკვლელობების დროს, გამოყენებულია ნახევრადავტომატური შაშხანა. ასეთი იარაღის არსენალი აღმოაჩინეს ლას-ვეგასის სასტუმროს ნომერში, საიდანაც სტივენ პედოკი ისროდა.

რაც შეეხება იარაღის ფასს, რიგითი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ცეცხლსასროლი იარაღის ფასი აშშ-ში 200 დოლარიდან 1500 დოლარამდე მერყეობს, რაც ნოუთბუქების ღირებულებას არ აღემატება.

სტატისტიკის მიუხედავად, ამერიკის შეერთებულ შტატებში იარაღის ფლობის და რეალიზაციის უფლების შეზღუდვა მოქალაქეებში პოპულარული არ არის.

აშშ ერთ სულ მოსახლეზე იარაღის რაოდენობით მსოფლიო ლიდერია

BBC წერს, რომ ზუსტი მონაცემების მოპოვება რთულია, მაგრამ ამ პარამეტრით აშშ მსოფლიოში მტკიცედ ლიდერობს. ამერიკის მოქალაქეებს ხელზე დაახლოებით 270 მილიონი ერთეული იარაღი აქვთ. ევროპაში ერთ სულ მოსახლეზე იარაღის რაოდენობით შვეიცარია და ფინეთი ლიდერობენ. ორივე ქვეყანაში 18 წელზე უფროსი კაცებისთვის სამხედრო სამსახური სავალდებულოა.

სხვა თემები