08 იანვარი 2019 - 23:30

Apple-ი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი კომპანიების სამეულშიც აღარ არის. რა ხდება?

ფოტო: shutterstock.com

2018 წლის პირველ აგვისტოს Apple-მა ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. თავისი არსებობის ისტორიაში პირველად, კომპანია ტრილიონ დოლარამდე გაძვირდა. მაშინ კორპორაციის ერთი აქცია 207 დოლარი ღირდა, მაგრამ ინვესტორები ამით არ დაკმაყოფილდნენ: სექტემბრის ბოლოს მათ ფასიანი ქაღალდების ღირებულება 232 დოლარამდე გაზარდეს. მას შემდეგ Apple-ის აქციების ფასი უწყვეტად ეცემა. ნოემბრის ბოლოს აიფონების მწარმოებელი 812 მილიარდი დოლარი ღირდა და მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსი Microsoft-ს დაუთმო. 2019 წლის დასაწყისში კაპიტალიზაცია 700 მილიარდამდე შემცირდა და Apple-ი თავისი ღირებულებით დღეს მეოთხე კომპანიაა. მას გაასწრეს Amazon-მა და Alphabet-მა (Google).

აქციების ვარდნას ბევრი მიზეზი აქვს

Aplle-ის აქციების ვარდნას ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის ისეთებიც, რომლებზეც კომპანია გავლენას ვერ მოახდენდა. მთავარი მიზეზებია:

- აქციების ძალიან მკვეთრი ზრდა წინა კვარტლებში. ის ჰგავდა „საპნის ბუშტს“, რომელიც გასკდებოდა.

- აშშ-ის სავაჭრო ომი ჩინეთთან. Apple-ი პროდუქციის დიდ ნაწილს ჩინეთში აწარმოებს, შესაბამისად, მისი პროდუქცია შეიძლება ნებისმიერ მომენტში აღმოჩნდეს სიაში, რომელზეც დამატებითი სანქციები გავრცელდება.

- დოლარის გამყარება. რაც უფრო მაღალია ამერიკული ვალუტის ღირებულება, მით ნაკლებ შემოსავალს (დოლარში) იღებს Apple-ი უცხოეთში გაყიდვებიდან.

- ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შენელება. ეს ამცირებს Apple-ის პროდუქციაზე მოთხოვნას.

კომპანიას პრობლემები აქვს

იანვრის დასაწყისში Apple-ის გენერალურმა დირექტორმა ტიმ კუკმა ინვესტორებს ღია წერილით მიმართა, რის შემდეგაც კომპანიის აქციები 9%-ით დაეცა. კუკმა დაწერა, რომ პირველი კვარტალის მოგების პროგნოზი 89-93 მილიარდიდან 84 მილიარდამდე შეამცირეს. მთავარი მიზეზი განვითარებად ქვეყნებში გაყიდვების ვარდნა იყო, მათ შორის კომპანიის ახალ პროდუქტებზეც. ეს მნიშვნელოვანია იმის გამოც, რომ ახალი ტელეფონები კომპანიის სხვა პროდუქტების (საათები, ყურსასმენები, Apple Music-ის გამოწერები და სხვ.) გაყიდვას უწყობს ხელს.

ტრამპი კომპანიას სიტყვიერად მხარს უჭერს

საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთ დროს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი კომპანიის შესახებ კითხვებს აშშ-ის პრეზიდენტს უსვამენ. ის სიტყვიერად მხარს უჭერს ტიმ კუკს და Apple-ს. იანვრის დასაწყისში ტრამპმა თქვა, რომ Apple-ი „შესანიშნავი კომპანიაა“ და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს კორპორაციის აქციები ასობით პროცენტით გაიზარდა.

სინამდვილეში, Apple-ის აქციების ფასი ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ მხოლოდ 20%-ით გაიზარდა. ბოლო თვეების ვარდნის გათვალისწინების გარეშეც, ზრდა 90%-ს შეადგენს, მაგრამ არა ასობით პროცენტს.

გარდა ამისა, ტრამპის მხარდაჭერით Apple-ს შეიძლება ახალი პრობლემები შეექმნას, რადგან პრეზიდენტი მუდმივად აცხადებს, რომ კომპანიამ თავისი წარმოება ჩინეთიდან აშშ-ში უნდა დააბრუნოს. იანვრის დასაწყისში ტრამპმა იგივე გაიმეორა.

ინვესტორები Apple-ს ძველებურად ენდობიან

ბოლო მოვლენების მიუხედავად, ანალიტიკოსების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ კომპანიას არაფერი ემუქრება. მას აქვს უსაფრთხოების უზარმაზარი რესურსი ფულის სახით, რომელიც წინა წლებში დააგროვა (200 მილიარდ დოლარზე მეტი) და მოგების მიღებას დღესაც განაგრძობს.

შესაბამისად, ანალიტიკოსების 49% ძველებურად ურჩევს მსურველებს Apple-ის აქციების შეძენას, დანარჩენი 51% - არსებულის შენარჩუნებას და არც ერთი - გაყიდვას. Apple-ისთვის ეს შეიძლება დაბალი ციფრია (აქციების ყიდვას აგვისტოში ანალიტიკოსების 63% ემხრობოდა), მაგრამ მთლიანობაში ეს ნიშნავს იმას, რომ ხანგრძლივ დროში ვარდნა მოსალოდნელი არ არის.

კომენტარები ()

სხვა თემები