22 სექტემბერი 2019 - 20:40

2020 წელს მსოფლიო მორიგ ფინანსურ კრიზისს ელოდება. საქართველო ამისთვის მზად არის? 

ფინანსური კრიზისი

ფოტო: Shutterstock.com

საერთაშორისო ეკონომისტების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს მსოფლიოს გლობალური ფინანსური კრიზისი დაატყდება თავს და ის მასშტაბით 2008 წლის კრიზისს გაუტოლდება. სპეციალისტები კრიზისის მოახლოების ყველაზე ცხად ინდიკატორად ამერიკული ობლიგაციების შემოსავალს ასახელებენ. რითი შეიძლება დაიწყოს კრიზისი, რამდენად ხანგრძლივი და ღრმა იქნება ის და რა პრობლემები შეიძლება შეექმნას საქართველოს?

რატომ საუბრობენ ისევ მსოფლიო კრიზისზე? 

ნაწილობრივ იმიტომ, რომ საკმაოდ დიდხანს ყველაფერი კარგად იყო. მაგალითად, აშშ-ისთვის ბოლო 10-მა წელმა რეცესიის გარეშე ჩაიარა. ამავე პერიოდში საფონდო ბაზრის ზრდა დაფიქსირდა - ეს კი უკვე რეკორდია ბოლო 100 წლის განმავლობაში.

ზოგადად, კრიზისი ნორმალური მოვლენაა. დროდადრო ის ხდება ნებისმიერ ეკონომიკაში, რომელშიც საკრედიტო სისტემა არსებობს. კრიზისი შეიძლება შეფასდეს როგორც ფინანსური და შრომის ბაზრის კორექტირების ელემენტი, რომელიც ტექნოლოგიური და სხვა მიმართულებით ცვლილებებს გულისხმობს. 

რამდენიმე თეორია არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ეს მექანიზმი. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც მომენტში ინვესტორები (ბანკები, საპენსიო, საინვესტიციო და სხვა ფონდები) თავიანთი ინვესტიციის ობიექტების შეფასებას მასობრივად განსხვავებულად იწყებენ. ისინი მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ახალ (და უკვე ჩადებულ) ინვესტიციებში ყველაფრის დაკარგვის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე პოტენციური მოგება. ასეთი გადაფასება შეიძლება დაიწყოს ერთ ქვეყანაში და შემდეგ სხვაგანაც გავრცელდეს. ამის შედეგად ინვესტიცია წყდება, ყველა იწყებს აქციებისა და სხვა აქტივების გაყიდვას. შესაბამისად, მათი ფასები ეცემა, წარმოება ჩერდება, უმუშევრობის დონე იზრდება. 

ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ მსოფლიო ასეთ გარმადტეხ მომენტს ხელახლა უახლოვდება. ისევე როგორც 2008 წელს, ახლაც კრიზისის ძირითადი მიზეზი იქნება „ცუდი ვალები“ (ვალი, რომელსაც მსესხებელი, დიდი ალბათობით, ვერასდროს გადაიხდის. როგორც წესი, ასეთი ვალები ჩამოიწერება). თუმცა თავად კრიზისი არცერთი წინა კრიზისის მსგავსი არ იქნება.

რა მოხდა 2008 წელს და როგორ გადალახა მსოფლიომ მაშინდელი კრიზისი? 

ძალიან მოკლედ, 2008 წელს „მოულოდნელად“ ცნობილი გახდა, რომ ინოვაციურმა ტექნოლოგიებმა მსოფლიო ფინანსური ბაზარი შეცვალეს. დიდმა საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებმა და ბანკებმა თავად (სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობის გარეშე) ისწავლეს, ფაქტობრივად, არაფრისგან ფულის შექმნა. მაგალითად, მათ შეკრიბეს გადაუხდელი ვალები (ღარიბი ამერიკელების იპოთეკური სესხები), დააჯგუფეს ისინი სხვა, ნაკლებ უიმედო ვალებთან ახალ ფინანსურ ინსტრუმენტებში და შემდეგ ეს ინსტრუმენტები სხვა ინვესტორებზე გაყიდეს. 2008 წლის ზაფხულში, როდესაც გაირკვა, რომ ამ ინსტრუმენტების ფასი არაფერია, ფინანსურ ბაზარზე ტრილიონი დოლარის ოდენობის ხვრელი გაჩნდა.

ამან გამოიწვია რამდენიმე ყველაზე მსხვილი ბანკის კრიზისი და 1920-1930-იანი წლებიდან მოყოლებული მსოფლიო ეკონომიკის ყველაზე დიდი რეცესია და დეფლაცია. ფინანსური ბაზარი გლობალიზაციის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია და სწორედ ამიტომ 2008 წლის კრიზისი თითქმის ყველა ქვეყანას შეეხო. 

განვითარებული ქვეყნების მთავრობებმა და ცენტრალურმა ბანკებმა კრიზისთან ბრძოლა 2 მიმართულებით დაიწყეს. პირველ რიგში, ბაზარზე გაჩენილი ფინანსური ხვრელის შევსებას შეეცადნენ იმით, რომ ეკონომიკაში ხელახლა დაბეჭდილი ფული დაამატეს. ამ ფულით ხელისუფლება ზოგიერთი ბანკისგან მათ აქტივებს ყიდულობდა. ამ მეთოდს რაოდენობრივი შემსუბუქება ეწოდება. მას აშშ-ში 2014 წლამდე იყენებდნენ. კრიზისთან გასამკლავებლად, მეორე მხრივ, ბანკებისა და საინვესტიციო ფონდების რეგულირების ახალი ნორმები შემოიღეს. ამ ინიციატივის შედეგად, ისინი ვეღარ შეძლებდნენ „ტოქსიკური“ ინსტრუმენტების შექმნას.  

„შემსუბუქების“ ფრონტზე ინიციატორებმა გამარჯვებას მიაღწიეს: განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა აღდგა და ზრდის პროცესი 10 წელზე მეტია გრძელდება. სრული გამარჯვება კი მაინც ვერ მოხერხდა.

სად შეიძლება ახალი კრიზისი დაიწყოს?  

მიმდინარე წლის დაწყებამდე ეკონომისტები დარწმუნებული იყვნენ, რომ კრიზისის დაწყების ყველაზე დიდი ალბათობა იყო აზიაში, კერძოდ კი - ჩინეთში. აზიური ბანკები და კომპანიები 2008 წლიდან ვალებს უფრო სწრაფად აგროვებენ, ვიდრე დასავლური ფინანსური ორგანიზაციები. ამ ვალების უმრავლესობა „ცუდია“. 2019 წლის იანვრამდე აზიური და სხვა განვითარებადი ქვეყნების ბანკებისთვის სიტუაცია სულ უფრო რთულდებოდა, რადგან აშშ-ის ცენტრალური ბანკი - ფედერალური რეზერვი - ამერიკულ ობლიგაციებზე განაკვეთს ზრდიდა. ამ პროცესმა ის გამოიწვია, რომ ამერიკული საიმედო ობლიგაციებიდან მიღებული შემოსავალი იზრდებოდა და შესაბამისად, ინვესტორებმა სარისკო აზიური ბაზრიდან ფულის გატანა დაიწყეს. მსგავსი სიტუაცია იყო 1997 წელს, როდესაც აზიური ფინანსური კრიზისი დაიწყო. 

2019 წლის იანვარში აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა თავისი პოლიტიკა შეცვალა და განაკვეთების დაწევა დაიწყო. აზიურმა და სხვა განვითარებადმა ქვეყნებმა ამოისუნთქეს, თუმცა „ცუდი“ ვალებით გამოწვეული კრიზისის საფრთხე მათთვის ჯერ კიდევ ძალაშია. ამას ისიც ემატება, რომ ჩინეთისა და სხვა აზიური ქვეყნების ეკონომიკის ზრდაც ბოლო დროს შენელდა. 

აზიაში არასტაბილურობას აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო ომიც ხელს უწყობს. აზიური ბაზრისადმი ინვესტორების ნდობა მას შემდეგ მცირდება, რაც დონალდ ტრამპმა 2018 წელს სავაჭრო ომი დაიწყო. ასე რომ, აზიაში მოსალოდნელი დიდი კრიზისის (რომელიც შემდეგ, შესაძლოა, მთელ მსოფლიოში გავრცელდეს ) ერთგვარ ბიძგად, შესაძლოა, ჩინეთთან დაწყებულ სავაჭრო ფრონტზე აშშ-ის პრეზიდენტის მორიგი თავდასხმა იქცეს.  

ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შენელებით ევროპა უკვე დაზარალდა. ჩინეთი გერმანული სამრეწველო საქონლისა (მაგალითად, მანქანები) და აღჭურვილობის მთავარი მყიდველია. სამრეწველო საქონელი კი ევროკავშირის ყველაზე განვითარებული ქვეყნების ექსპორტის საფუძველია. გერმანიის ეკონომიკა, შესაძლოა, უკვე რეცესიის პროცესშიც იყოს.

გაცილებით არასტაბილური სიტუაციაა დიდ ბრიტანეთში, რომელსაც ვერაფრით გადაუწყვეტია, ევროკავშირიდან რა ფორმით გავიდეს. ასე რომ, ევროპა შეიძლება კრიზისის ეპიცენტრადაც იქცეს. სწორედ ამიტომ ევროკავშირის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა, თადარიგი წინასწარ დაიჭიროს და რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, სექტემბერში „რაოდენობრივი შემსუბუქება“ განაახლა. 

კრიზისი შეიძლება აშშ-შიც დაიწყოს. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ტრამპის სავაჭრო ომებისგან ამერიკული კომპანიებიც ზარალდებიან. ეს ამცირებს ინვესტორების ნდობის ხარისხს თავად ამერიკისადმი. მეორე მხრივ, 2020 წელს დასრულდება ტრამპის პროგრამა, რომელიც აშშ-ის ეკონომიკის საგადასახადო სტიმულირებას გულისხმობს. სწორედ ამან განაპირობა ბოლო 2 წლის განმავლობაში აშშ-ის ეკონომიკის ზრდის სწრაფი ტემპი, რომელიც ეკონომისტების შეფასებით, ძალიან სწრაფიც კი არის. მათი მოსაზრებით, ეს პროცესი ხელოვნურად იმართება. პროგრამის დასრულება კი ეკონომიკის ზრდის ტემპს დააგდებს, რაც ინვესტორების ნდობის მაჩვენებელს როგორც აშშ-ში, ისე სხვა ქვეყნებშიც შეამცირებს. სწორედ ამ ფაქტზეა დაფუძნებული იმ პროგნოზების უმრავლესობა, რომელთა მიხედვითაც მსოფლიო ფინანსური კრიზისი 2020 წელს დაიწყება. 

არც ის არის გამორიცხული, რომ კრიზისი უფრო ადრე მოხდეს. ის შეიძლება გამოიწვიოს ნავთობზე ფასის მკვეთრმა ზრდამ: 2008 წლის კრიზისის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ნავთობის ძალიან მაღალი ფასი იყო. ამ ფაქტმა შეიძლება ირანსა და საუდის არაბეთს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავოს.

როგორი იქნება ახალი კრიზისი? მასთან გამკლავება რთული იქნება? 

არსებობს იმის ალბათობა, რომ კრიზისი უფრო ხანგრძლივი და რთული იქნება, ვიდრე მისი წინამორბედი. არადა, 2008 წლის კრიზისი 1920-1930-იანი წლების დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე ყველაზე რთული იყო.

ეკონომისტების შეფასებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ვალები მთელ მსოფლიოში გაიზარდა, მასთან გამკლავების ინსტრუმენტები კი აშშ-სა და განვითარებული ქვეყნების ხელისუფლებას ნაკლები აქვთ. 2008 წელს ცენტრალურ ბანკს შეეძლო ფულის დაბეჭდვა, ბანკების აქტივების ყიდვა და ამით ეკონომიკის დახმარება. დღეს უკვე ეს ვეღარ მოხერხდება: ექსპერტების აზრით, ცენტრალურმა ბანკმა ისედაც ბევრი რამ შეისყიდა, ახალი „შემსუბუქება“ კი ეკონომიკისა და ფინანსური ბაზრისთვის სახიფათოა. სწორედ ამიტომ ახალი კრიზისი შეიძლება წინამორბედზე ხანგრძლივი აღმოჩნდეს.

კიდევ უფრო პესიმისტურ პროგნოზებს აკეთებენ ის ექსპერტები, რომლებიც ახალი კრიზისის მიზეზებს სიღრმისეულად იკვლევენ. მათი მოსაზრებით, მოსალოდნელია რეცესიის რამდენჯერმე განმეორება, განვითარებული ქვეყნების (მათ შორის აშშ-ი) ვალების მკვეთრი ზრდა, სამუშაო ადგილებზე ადამიანური რესურსების რობოტებით ჩანაცვლების პროცესის დაჩქარება და საბოლოოდ, მთელი მსოფლიო ეკონომიკის, ფაქტობრივად, ნულიდან ამუშავება.

ოპტიმისტები კი იმედოვნებენ, რომ მსოფლიოს აქვს კრიზისის სრულად თავიდან არიდების ძალიან კარგი შანსი, ყოველ შემთხვევაში უახლოეს წლებში.

რამდენად მზად არის საქართველო ახალი მსოფლიო კრიზისთვის? 

ამა თუ იმ სახის მსოფლიო დონის კრიზისისადმი საქართველოს ტიპის ქვეყანა ძალიან მგრძნობიარეა. ეკონომისტებისა და ექსპერტების შეფასებით, საქართველო ბოლო 30 წლის განმავლობაში წარმოებული არამართლგონიერი ეკონომიკური პოლიტიკით მართული ქვეყანაა, რომელსაც, ფაქტობრივად, მცდარი მაკროეკონომიკური ვექტორი და არასწორი აქცენტები აქვს. სწორედ ამიტომ ის მთლიანად დამოკიდებულია იმპორტზე, რაც თავისთავად ძალიან ცუდი ფაქტორია.

ექსპერტები ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას დადებით ტენდენციად აფასებენ, თუმცა იქვე განმარტავენ, რომ როგორც კი გარეფაქტორები გაუარესდება, ეს მიმართულებაც კრახის წინაშე დადგება. სწორედ ამის მაგალითი იყო 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს ესპანეთსა და საბერძნეთში შექმნილი ვითარება. მოსალოდნელი კრიზისის ფონზე საქართველო ამ მხრივ ძალიან მგრძნობიარე იქნება და არის კიდეც.

სპეციალისტები მეორე მნიშნელოვან მომენტზეც საუბრობენ. მათი განმარტებით, საგარეო ფაქტორების გაუარესებისთანავე ასი ათასობით ქართველს, რომელიც საზღვარგარეთ მუშაობს, პრობლემები შეექმნება და საქართველოსკენ მომავალი ფულის ნაკადი შემცირდება. ეს ფაქტორი კი თავის მხრივ, ეროვნულ ვალუტას შეუქმნის პრობლემას.

საქართველომ 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისი გადალახა, თუმცა მაშინ აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა იყო, - ამბობენ ექსპერტები. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა ქვეყანას დიდ უბედურებასთან ერთად დასავლეთიდან 4,5 მილიარდი დოლარი მოუტანა. სპეციალისტების თქმით, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებას ამ ფულით გადაარჩინა არა ქართული ეკონომიკა, არამედ- 2-3 ბანკი, რადგან ფულის ძირითადი ნაწილი სწორედ მათ მოხმარდა, გარკვეული ნაწილი კი - ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას. ერთადერთ გამონაკლისად მიიჩნევენ სწორად გამოყენებულ 300 მილიონ დოლარს, რომელიც ლარის სტაბილიზაციისკენ იყო მიმართული. სწორედ დასავლეთის მიერ გაღებულმა თანხამ შეარბილა საქართველოსთვის ის შედეგები 2008 წელს, რაც მსოფლიო კრიზისის შედეგად იყო მოსალოდნელი.

ბუნებრივია, ახალი კრიზისის შემთხვევაში, საქართველოს ასეთ კოლოსალურ თანხას არავინ მისცემს. თუმცა ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ ქვეყანას გააჩნია იმის რესურსი, რომ ეს კრიზისი შედარებით ნაკლები დანაკარგებით გადალახოს. მაგრამ ამისთვის საჭიროა სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და გონივრული გადაწყვეტილებები, რისი დეფიციტიც საქართველოში თვალშისაცემია.

სხვა თემები