14 აგვისტო 2017 - 01:41

ვინ არიან პრანკერები და როგორ იცავენ თავს პოლიტიკოსები სატელეფონო ხულიგნებისგან?

12 აგვისტოს, რუსმა პრანკერებმა ვლადიმერ კუზნეცოვმა (ვოვანი) და ალექსეი სტოლიაროვმა (ლექსუსი) ოდესის ყოფილ გუბერნტორთან და საქართველოს ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნეს. რამდენიმე საათში, ქსელში ვოვანის და ლექსუსის სატელეფონო “ხულიგნობის” "დამადასტურებელი" კიდევ ერთი აუდიოჩანაწერი აიტვირთა. პრანკერები ამტკიცებენ, რომ მათი მსხვერპლი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილია, რომელსაც ისინი უკრაინელი კოლეგის სახელით სააკაშვილის ექსტრადიციაზე ელაპარაკნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ჩანაწერს არასერიოზული უწოდა.

პრანკი რა არის?

პრანკის კლასიკა ტელეფონით ხულიგნობაა. პრანკერები არიან “ხულიგნები”, რომლებიც ადამიანებს ურეკავენ (ძირითადად, ანონიმურად ან ვინმეს სახელით), რომ ისინი გაათამაშონ და საპასუხო რეაქციაზე წამოაგონ. ხშირად ასეთი საუბრები იწერება და შემდეგ ინტერნეტში ვრცელდება.

პრანკი იმ დროიდან არსებობს, რაც ტელეფონი გაჩნდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ტექნოლოგიური შესაძლებლობები გაიზარდა, პრანკის შინაარსი და ფორმა გამრავალფეროვნდა, ხოლო მასშტაბი გაიზარდა.

არსებობს ჰარდპრანკი (მძიმე პრანკი, ბოროტი ხუმრობა), ლაითპრანკი (მსუბუქი პრანკი, კეთილი ხუმრობა), რადიოპრანკი (ჰარდპრანკის ნაირსახეობა), “კონფერენცია” (კონფერენც-ზარით რამდენიმე ადამიანის ერთმანეთთან დაკავშირება), პრანკჟურნალისტიკა (ლაითპრანკის ნაირსახეობა. მისი მიზანი არა მსხვერპლის გათამაშება, არამედ მისგან ინფორმაციის მიღებაა), რომლის შედეგები ხშირად მედიაში ან ქსელში ქვეყნდება, და სხვ.

ინგლისურენოვანი პრანკი უფრო მსუბუქია (ლაითპრანკი), რუსული - მძიმე (ჰარდპრანკი). ინგლისურენოვანში - წამყვანი როლი თავად პრანკერს აქვს, რუსულში - მსხვერპლს.

ვის ირჩევენ პრანკერები მსხვერპლად?

ყველას. დაწყებული რიგითი ადამიანიდან, დამთავრებული მსოფლიო ლიდერებით. თუმცა როგორც წესი, სამიზნეები ცნობილი ადამიანები არიან, მსახიობები, მუსიკოსები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები.

პრანკერების მსხვერპლი სხვადასხვა დროს გამხადარან ჟაკ შირაკი, ნიკოლა სარკოზი, სეგოლენ რუაიალი, უგო ჩავესი, ფიდელ კასტრო, ევო მორალესი, ელისაბედ მეორე, ელტონ ჯონი, ქსენია სობჩაკი, იგორ კოლომოისკი, ალექსანდრ ლუკაშენკო, პეტრო პოროშენკო.

პრანკერობა დასჯადია?

ზოგიერთი სატელეფონო ხულიგნობა კრიმინალიზებულია ბევრი ქვეყნის კანონმდებლობაში, მათ შორის საქართველოს იურისდიქციაშიც. სატელეფონო ხულიგნების მიმართ მკაცრია აშშ-ის და ავსტრალიის კანონმდებლობა. ლაპარაკია ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებებზე საგანგებო სამაშველო სამსახურებში ან ზარებზე, რომლის მიზანი ადამიანის გაღიზიანება, შეშინება ან დევნაა. 

რუსული პრანკი

ვოვანი და ლექსუსი ყველაზე ცნობილი რუსი პრანკერები არიან. უკვე რამდენიმე წელია ისინი ტელეფონით “ეხუმრებიან” ვარსკვლავებს, პოლიტიკოსებს და პრეზიდენტებსაც. მათ პრანკი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილად აქციეს, თანაც მათი “ხულიგნობა” ყოველთვის რუსეთის ხელისუფლების ინტერესებშია. ამიტომ ვოვანის და ლექსუსის “საქმიანობას” რუსული სპეცსამსახურების პროექტის ნაწილად მიიჩნევენ.

მათ უკვე “გააბრიყვეს” თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელსაც თავი უკრაინის პრეზედენტად, პეტრო პოროშენკოდ წარუდგინეს, და უკრაინის ყოფილი პრემიერი არსენი იაცენიუკი.

მაგალითად, 2016 წლის მარტში, ვოვანმა და ლექსუსმა იმ დროს რუსეთში დაპატიმრებულ ნადეჟდა სავჩენკოს გადასცეს ყალბი წერილი უკრაინის პრეზიდენტის, პოროშენკოს ადმინისტრაციის სახელით, რომელშიც სთხოვდნენ შეეწყვიტა შიმშილობა. გზავნილი დაიჯერა არამხოლოდ სავჩენკომ, არამედ მისმა ადვოკატებმაც. მეორე დღეს სავჩენკომ მშრალი შიმშილობა შეწყვიტა. ხოლო როდესაც მისმა ადვოკატებმა, “ხულიგნობის” შესახებ გაიგეს, პრანკერები რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამრომლობაში დაადანაშაულეს.  

2015 წლის სექტემბერში, ბრიტანელმა მუსიკოსმა ელტონ ჯონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაურეკა და მასთან ჰომოსექსულების უფლებები განიხილა. მუსიკოსმა ამის შესახებ ინფორმაცია Instagram-ზე გამოაქვეყნა და პუტინს მადლობა გადაუხადა. ინფორმაცია არავის გადაუმოწმებია. მალე გაირკვა, რომ ელტონ ჯონთან არა პუტინმა, არამედ პრანკერებმა დარეკეს.

ვოვანი და ლექსუსი კატეგორიულად უარყოფენ რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირს, თუმცა აცხადებენ, რომ მოქმედებენ რუსეთის ინტერესებისთვის. სწორედ ამით ხსნიან ისინი იმას, თუ რატომ არ “ეხუმრებიან” ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს და რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებს. ისინი ამბობენ, რომ ეს რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

დასავლური პრანკი

ივლისის ბოლოს, ბრიტანეთის მოქალაქემ, მეტსახელად სინონმა, თეთრი სახლის რამდენიმე ჩინოსნის ელექტრონული ფოსტის მისამართი გაიგო და მათი “გაცურება” გადაწყვიტა. ის მიმოწერაში თავს ხან ტრამპის სიძედ ჯარედ კუშნერად ასაღებდა, ხან თეთრი სახლის ადმინისტრაციის დღეს უკვე ყოფილ ხელმძღვანელ რაიან პრიბასად. ვერავინ მიხვდა, რომ საქმე თვითმარქვიასთან ჰქონდათ. სინონის წერილები იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ მას უსაფრთხოების მინისტრის მრჩეველმა კიბერუსაფრთხოების საკითხებში, ტომ ბოსერტმა დაუჯერა და თავისი პირადი ფოსტის მისამართიც მისცა.

სინონს მიმოწერა ჰქონდა ასევე რუსეთში აშშ-ის მომავალ ელჩთან ჯონ ჰატსმანთან, რომელსაც ტრამპის შვილის, ერიკის სახელით ეკონტაქტებოდა. მასთან საუბრის ბოლოს, პრანკერმა გამოთქვა ვარაუდი, რომ კარგი იქნებოდა, თუ ტრამპი პუტინივით ცხენზე ამხედრებული წელამდე შიშველი ფოტოებს გადაიღებდა.

სინონის მთავარი მსხვერპლი ყოფილი ფინანსისტი ენტონი სკარამუჩი გახდა, რომელმაც თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორად მხოლოდ 10 დღეს იმუშავა. სკარამუჩის პრანკერი წერილს ხან ტრამპის ადმინისტრაციის უფროსის რაიან პრიბასის, ხან კი ჯონ ჰატსმანის სახელით წერდა. პრიბასი სკარამუჩის დანიშვნას თეთრ სახლში კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. სკარამუჩიმ ყალბ პრიბასს, რომელიც მას მიმოწერის დროს ღალატში ადანაშაულებდა, შექსპირის “ოტელოს” წაკითხვა ურჩია. ჰატსმანთან მიმოწერის დროს კი დაიმუქრა, რომ თეთრი სახლის რამდენიმე მაღალჩინოსანი მალე თანამდებობას დატოვებდა. ენტონი სკარამუჩი 31 ივლისს მოხსნეს.             

თეთრ სახლში პრანკერის ჩინოსნებთან ურთიერთობის ფაქტი დაადასტურეს, განაცხადეს, რომ მსგავსი ინციდენტები პრობლემად მიაჩნიათ და რომ ამ ფაქტებს იძიებენ. თავად პრანკერმა კი CNN-ს უთხრა, რომ მისი მიზანი არანაირი საიდუმლო მონაცემების მოპოვება არ იყო, ის უბრალოდ ადამიანების გამხიარულებას შეეცადა.

როგორ ახერხებენ პრანკერები მაღალჩინოსნების და პრეზიდენტების კონტაქტების გაგებას?

ზუსტად არავინ იცის. საკომუნიკაციო არხების მოწყვლადობის ეპოქაში შეიძლება სხვადასხვა წყარო არსებობდეს. მათ შორის ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, სპეცსამსახურებია, როგორც ეს დიდი ალბათობით რუსეთის შემთხვევაშია. ერთ-ერთ ინტერვიუში ვოვანი და ლექსუსი კითხვაზე, თუ ვინ აწვდის მათ კონტაქტებს, ამბობენ, რომ ტელეფონის ნომრების გასაგებად, მათ მილიონ არხთან უწევთ შეთანხმება; ზოგჯერ კი კონტაქტებს თაყვანისმცემლები და გულშემატკივრები აწვდიან.

ესე იგი პრანკერებისგან დაცულები სახელმწიფოს მეთაურებიც არ არიან?

როგორც აღმოჩნდა, ბოლომდე არა. თუმცა, ყველაზე ნაკლებად მოწყვლადები მაინც ისინი არიან. მსოფლიო ლიდერების კომუნიკაციის სფეროში უამრავი წესია, რომლებიც მიმართულია, არამხოლოდ უსაფრთხოებისკენ, არამედ ლინგვისტური გაუგებრობების პრევენციისკენაც.

ლიდერების კომუნიკაცია

სახელმწიფოს მეთაურების სატელეფონო საუბარს წინ უძღვის ლიდერების კანცელარიების მოსამზადებელი სამუშაოები. თუ ქვეყნებს შორის დიდი ხნის და მჭიდრო ურთიერთობებია, პროცედურა უფრო მარტივია: ერთი საოპერაციო ცენტრის თანამშრომლები ურეკავენ თავიანთ კოლეგებს მეორე ქვეყანაში და ეუბნებიან: “ჩვენს ლიდერს უნდა თქვენს ლიდერთან ლაპარაკი”. თუ ქვეყნებს შორის ურთიერთობა არც ისე მჭიდროა, საქმეში დიპლომატები ერთვებიან. კონკრეტული ქვეყნის ელჩი თავისი ლიდერის სახელით აკეთებს ოფიციალურ განაცხადს. შემდეგ ორივე მხარე მუშაობს საუბრის შესაძლო დღის წესრიგზე, არკვევს სატელეფონო საუბრის აუცილებლობის მიზეზს და ათანხმებს სატელეფონო ზარის თარიღს.

სატელეფონო საუბარი

საუბრის დაწყებამდე ორივე ქვეყნის ლიდერები იღებენ საკმარის ინფორმაციას თავიანთი თანაშემწეებისგან. მაგალითად, ამერიკის ლიდერს დოსიეს აწვდის უშიშროების საბჭო, რომელიც უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საკითხებში მისი ინფორმაციის მთავარი წყაროა. თუ ზარი პროტოკოლურია, დოსიე მოკლეა: მასში წერია მხოლოდ ის, თუ ვინ იყო საუბრის ინიციატორი და ჩამოთვლილია რამდენიმე (ორი ან სამი) საკითხი, რომელიც შეიძლება საუბრის თემა გახდეს. გარდა ამისა, დოსიეში იქნება პერსონალური ინფორმაცია თანამოსაუბრეზე, ასევე ავადმყოფი ნათესავების (თუ ასეთები არიან) ჯანმრთელობის მოკითხვაზე შეხსენება. თუ საუბრის თემა დელიკატურია, პრეზიდენტი დამატებით ცნობებს მიიღებს, ხოლო უშიშროების საბჭოს წევრები ლიდერების საუბარს დაესწრებიან.         

მოწმეები

მსოფლიო ლიდერების საუბრებს ბევრი უსმენს - თანაშემწეებიდან და მრჩევლებიდან დაწყებული, თარჯიმნებით დამთავრებული. იმ დროსაც კი, როდესაც სახელმწიფოს მეთაურმა კარგად იცის უცხო ენა, ასეთი რანგის ფიგურები უპირატესობას მშობლიურ ენაზე ლაპარაკს ანიჭებენ. აშშ-ში პრეზიდენტების თარჯიმნებმა უნდა მიიღონ წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე, ამიტომ მათ ბიოგრაფიებს დეტალურად სწავლობენ და სიცრუის დეტექტორზეც ამოწმებენ, ვიდრე ასეთი რანგის საუბრებს დაესწრებიან.

ტრამპის დიპლომატია         

ახლადარჩეული ლიდერის და მოქმედი პრეზიდენტის ზარები განსხვავებულია. New York Times-ის ცნობით, არჩევნების დასრულებისთანავე აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების ლიდერებმა დაიწყეს რეკვა Trump Tower-ში ნიუ-იორკში და ითხოვდნენ ტრამპთან დალაპარაკებას. იმავე დღეებში, ტრამპი ტელეფონით ელაპარაკა ტაივანის პრეზიდენტს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანასთან აშშ-მა ფორმალური ურთიერთობები 40 წლის წინ გაწყვიტა. ამ ზარს სერიოზული სკანდალი მოჰყვა.

ინაუგურაციის შემდეგ, აშშ-ში მოქმედი პრეზიდენტის სატელეფონო საუბრები იმდენად დაცულია, რომ ზოგჯერ მასთან ლაპარაკის საშუალებას მინისტრებსაც არ აძლევენ. 2010 წელს, ერთ-ერთ ელექტრონულ წერილში იმ დროს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი წერდა, რომ მუდმივად უწევდა ჩხუბი თეთრი სახლის თანამშრომელთან, რომელიც პრეზიდენტთან არ აკავშირებდა: “მას არ სჯერა, რომ ეს მე ვარ”, - წერდა კლინტონი.        

”წითელი ტელეფონი”

ეგრეთ წოდებული “წითელი ტელეფონი”, სინმდვილეში ტელეფონი არ არის. ეს ცხელი ხაზია, რომლითაც, მაგალითად, ვაშინგტონი და მოსკოვი სარგებლობენ. ის 1962 წელს, კუბის კრიზისის დროს შეიქმნა, როდესაც მსოფლიო ბირთვული ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ეს არის უკიდურესად დაცული ხაზი, რომელზეც იგზავნება არამხოლოდ ტექსტური გზავნილები, არამედ გრაფიკული გამოსახულებებიც. ხაზი მუდმივად ღიაა, რაც აშშ-ის და რუსეთის ლიდერებს ნებისმიერ მომენტში უპრობლემოდ დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს.

პრანკერების მსხვერპლი პოლიტიკოსები

ესპანეთის პრემიერმინისტრი მარიანო რაჰოი პრანკერის მსხვერპლი გახდა. მას რადიოს წამყვანმა დაურეკა, რომელმაც თავი კატალონიის სეპარატისტების ახალ ლიდერად წარუდგინა. 2003 წელს, მაიამის რადიოსადგურმა მოატყუა როგორც ვენესუელის მაშინდელი პრეზიდენტი უგო ჩავესი, ისე - მისი მოკავშირე ფიდელ კასტრო. რადიოსადგურ El Zol-ის წამყვანებმა ჯერ დაურეკეს ჩავესს და კასტროს სახელით ელაპარაკნენ, შემდეგ - პირიქით. 

რადიოსადგურების მსხვერპლი სხვადასხვა დროს იყვნენ ევო მორალესი, მას შემდეგ რაც ის 2005 წელს ბოლივიის პრეზიდენტად არჩიეს. წამყვანებმა მას თავი ესპანეთის პრემიერმინისტრად ხოსე ლუის საპატეროდ წარუდგინეს; და 1995 წელს ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე, რომელსაც ეგონა, რომ კანადის პრემიერმინისტრს ჟან კრეტიენს ელაპარაკებოდა.

სხვა თემები