03 იანვარი 2020 - 19:00

ომი დაიწყება?! ვინ არის ტრამპის ბრძანებით ბაღდადში მოკლული ირანელი გენერალი

ყასემ სულეიმანი

ყასემ სულეიმანი

ფოტო: Sayyed Shahab-o-din Vajedi

3 იანვარს, გამთენიისას ბაღდადში ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი მოკლეს. ის დაიღუპა სარაკეტო დაბომბვის შედეგად, რომელიც ამერიკულმა ავიაციამ ერაყში აშშ-ის საელჩოს ბლოკირების პასუხად განახორციელა და რომლის ორგანიზებაშიც ვაშინგტონმა ირანი დაადანაშაულა. სულეიმანი უცხოეთში ირანის შეიარაღებულ ოპერაციებზე პასუხისმგებელი და ისლამური რესპუბლიკის ძალაუფლების იერარქიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო. მისმა მკვლელობამ შესაძლოა რეგიონში ვითარება რადიკალურად შეცვალოს. 

სულეიმანი ბაღდადში აშშ-ის საელჩოს ბლოკირების საპასუხოდ მოკლეს

კონფლიქტი, რომელსაც გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობა მოჰყვა, 27 დეკემბერს დაიწყო. ამ დღეს ქალაქ კირკუტთან განთავსებული ერაყული სამხედრო ბაზის მიმართულებით ოცდაათზე მეტი რაკეტა გაუშვეს. შეტევის შედეგად დაიღუპა ამერიკელი ბიზნესმენი და დაშავდნენ აშშ-ის და ერაყის რამდენიმე მოქალაქე. ამერიკის ხელისუფლებამ თავდასხმაში დაადანაშაულა დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლა“ - შიიტელი მებრძოლები, რომლებსაც, როგორც მიჩნეულია, ირანი უჭერს მხარს.

29 დეკემბერს აშშ-მა თავდასხმას ერაყის და სირიის ტერიტორიაზე „ქატაიბ ჰეზბოლას“ პოზიციების დაბომბვით უპასუხა, რის შედეგადაც 24 ადამიანი დაიღუპა. ორი დღის შემდეგ, 31 დეკემბერს, დაჯგუფების მხარდამჭერებმა ბაღდადში ამერიკის საელჩოსკენ მსვლელობა მოაწყვეს და 24 საათის განმავლობაში მისი მუშაობა დაბლოკეს, მიუხედავად იმისა, რომ საელჩო ქალაქის ყველაზე დაცულ ტერიტორიაზე, ეგრეთ წოდებულ „მწვანე ზონაში“ მდებარეობს. დემონსტრანტებმა შენობაზე შიიტური დროშები დაკიდეს და კედლებზე ანტიამერიკული ლოზუნგები მიაწერეს. დონალდ ტრამპმა საელჩოზე თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა.

3 იანვარს დილით, რამდენიმე ავტომობილს, რომელსაც სულეიმანი და ასევე „ქატაიბ ჰეზბოლას“ მაღალი რანგის მეთაურები ბაღდადის აეროპორტიდან მიჰყავდა, ჰაერიდან შეუტიეს. აშშ-ის ხელისუფლების ცნობით, შეტევა უპილოტო თვითმფრინავებმა განახორციელეს. ირანის ხელმძღვანელობა ამტკიცებდა, რომ ავტომობილებს ვერტმფრენებიდან ბომბავდნენ.

მალევე, დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ უკომენტაროდ გამოაქვეყნა ამერიკული დროშის ფოტო. The New York Times-ის ცნობით, რამდენიმე წუთში, ირანის ოფიციალური პირების ექაუნთებზე გაჩნდა ირანის დროშების გამოსახულება და შურსიძიების დაპირება. ყასემ სულეიმანის დაღუპვის ფაქტი მალევე ოფიციალურად დადასტურდა. მასთან ერთად დაიღუპა ერაყში შიიტური დაჯგუფებების ხელმძღვანელი ალი მაჰდი ალ-მუჰანდისი.

ვინ იყო გენერალი ყასემ სულეიმანი

გენერალი სულეიმანი „ალ-ქუდსის“ ძალების მეთაური იყო. „ალ ქუდსი“ ირანის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფია, რომელიც უცხოეთში სადაზვერვო და შეიარაღებული სპეცოპერაციების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი.

ის 1957 წელს დაიბადა და მისი სამხედრო კარიერა 1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის შემდგომ პერიოდს ემთხვევა. ამ რევოლუციიდან მალევე, ირანს და მეზობელ ერაყს შორის ომი გაჩაღდა, რომლის დროსაც სულეიმანი საკუთარ დანაყოფს ხელმძღვანელობდა. მან თავი გამოიჩინა, როგორც მამაცმა სამხედრომ და იდეალურმა ტაქტიკოსმა. ომის შემდეგ ის ხელმძღვანელობდა ნარკოტრაფიკთან ბრძოლას ავღანეთის საზღვარზე.      

1990-იანი წლების ბოლოს სულეიმანი „ალ-ქუდსის“ მეთაური გახდა და ავღანეთში ამერიკული ინტერვენციის პირველ თვეებში, რაც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმას მოჰყვა, ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ქვეყანაში სამხედრო მიზნების განსაზღვრაში ეხმარებოდა (შიიტური ირანი და ავღანეთის მმართველი სუნიტური მოძრაობა „თალიბანი“ ერთმანეთს მტრობდნენ). თუმცა, საბოლოოდ, ამერიკულ-ირანული უთიერთობები მკვეთრად გაუარესდა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობისას რამდენიმე ასეული ამრიკელი ჯარისკაცის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა სულეიმანის დააკისრა.

მიჩნეულია, რომ სულეიმანი პირადად ეხმარებოდა ბაშარ ასადს სირიის სამოქალაქო ომის პირველ თვეებში, როდესაც სირიის რეჟიმი მარცხის ზღვარზე იყო. ის აქტიურად მონაწილეობდა ასევე „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში და არ მისცა ისლამისტებს მოსულის პროვინციაში სტრატეგიული სამიზნეების ხელში ჩაგდების შესაძლებლობა, იცავდა რა მათგან ერაყულ ქურთისტანს, ასევე მან დაგეგმა ქალაქ ტიკრიტის გათავისუფლების ოპერაცია.

„ის მთელი ცხოვრება იბრძოდა, ჯარისკაცებს ის უყვარდათ. ეს იყო მშვიდი, ქარიზმატული ადამიანი, გენიალური სტრატეგი და შესანიშნავი ტაქტიკოსი“, - უთხრა CNN-ს ამერიკელმა გენერალმა მარკ ჰერტლინგმა.

იმავდროულად, აშშ-ის ეჭვი აქვს, რომ „ალ-ქუდსი“ ომისშემდგომ ერაყში რამდენიმე ტერორისტულ თავდასხმაზეა პასუხისმგებელი, ასევე ვაშინგტონში საუდის არაბეთის ელჩზე თავდასხმაში 2011 წელს და ვენესუელაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის კონფლიქტში უგო ჩავესის მხარდაჭერაში.  

ასევე დიდია სულეიმანის გავლენა ირანის შიგნით. ჯერ კიდევ 1999 წელს ის იყო იმ ოფიცრებს შორის, რომლებიც მაშინდელი პრეზიდენტის, მოჰამედ ხათამისგან იმდროინდელი ოპოზიციური გამოსვლების მკაცრად ჩახშობას მოითხოვდნენ, მიანიშნებდნენ რა მას, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, სამხედროები ძალაუფლებას საკუთარ ხელში აიღებდნენ. მიჩნეულია, რომ სულეიმანი უმაღლეს ლიდერ აიათოლა ჰამენეისთან ძალიან დაახლოებული ადამიანი იყო, ხოლო 2016 წელს კონსერვატორების საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილებოდა. The Guardian-ი წერს, რომ ბევრს ჰამენეის შემდეგ გენერალი ირანში პირველ კაცად მიაჩნდა, რალურად იმაზე მეტი გავლენის მქონედ, ვიდრე მოქმედი პრეზიდენტი ჰასან როუჰანია. ბრიტანული გაზეთის აზრით, ირანმა რეგიონში თავისი გავლენის მკვეთრ ზრდას სწორედ სულეიმანის ძალისხმევით მიაღწია.

ობამა და უმცროსი ბუში სულეიმანის ირანთან ომის შიშის გამო არ კლავდნენ

სულეიმანის დაღუპვა შესაძლოა რეგიონში და მის გარშემო მიმდინარე ბევრ დრამატულ პროცესზე აისახოს. აშშ-ის და ირანის ურთერთობა უარესდებოდა მთელი 2019 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ტრამპის ადმინისტრაციამ თეირანთან „ბირთვული შეთანხმებიდან“ გასვლის და სანქციების განახლების შესახებ განაცხადა. შარშან ზაფხულში ამას ტანკერების ომი მოჰყვა და კინაღამ სრულმასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდა, როდესაც ირანულმა ავიაციამ ამერიკული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო - მაშინ ტრამპმა საპასუხო დარტყმა ბოლო წუთს გადაიფიქრა. ორი თვეც არ იყო გასული, რომ თანამდებობიდან მოხსნეს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი, რომელიც ირანის მიმართ ყველაზე მკაცრი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. თუმცა წლის ბოლოს ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა კვლავ გაიზარდა. 

ეს მოხდა ერაყში მასობრივი არეულობის ფონზე, რომელმაც თანდათან სულ უფრო მკაფიოდ ანტიირანული ელფერი შეიძინა. ამ ქვეყანაში თეირანის გავლენას ეწინააღმდეგებიან სუნიტური უმცირესობის წარმომადგენლები, ასევე ისინიც, ვისაც ეშინია, რომ ირანი მათ დიდ რეგიონულ ომში ჩაითრევს. არეულობა მოხდა თავად ირანშიც ეკონომიკური სიტუაციის გაუარესების ფონზე და ეს იყო ისლამური რეჟიმის არსებობის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური მსხვერპლის რაოდენობის მხრივ. დიდი შეიარაღებული კონფლიქტის რისკმა შესაძლოა შეცვალოს ამ ქვეყნებში შიდაპოლიტიკური დინამიკა.

ამ ფონზე სულეიმანის მკვლელობა არაერთგვაროვნად აღიქვეს თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ამ წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის ყველაზე რეალურ კანდიდატად რჩება, განაცხადა, რომ არცერთი ამერიკელი არ იგლოვებს გენერალს, მაგრამ ტრამპმა „დენთით სავსე კასრში ყუმბარა ჩააგდო“ და ახლა ამერიკელებს უნდა აუხსნას რა სტრატეგია აქვს.

„რთული წარმოსადგენია, რომ ირანის პასუხი არ იქნება უკიდურესად აგრესიული“, - უთხრა NYT-ს ექსპერტული ცენტრის „საეთაშორისო კრიზისული ჯგუფი“ ხელმძღვანელმა რობერტ მელიმ. როგორც ამერიკული მედია წერს, ტრამპის წინამორბედებმა, ბარაკ ობამამ და უმცროსმა ჯორჯ ბუშმა, არ გარისკეს სულეიმანის მოკვლა, სწორედ იმიტომ, რომ ირანთან ომი არ სურდათ.

სხვა დემოკრატმა პოლიტიკოსებმა ეჭქვეშ დააყენეს ტრამპის ქმედებების კანონიერება, რომელსაც სულეიმანის მოკვლაზე კონგრესისგან თანხმობა არ მიუღია (კონგრესი ახლა ისვენებს). ამავდროულად, სხდომების განახლების შემდეგ სენატი დაიწყებს ტრამპის წინააღმდეგ საქმის განხილვას, რომელსაც კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი გამოუცხადა, მათ შორის, პრეზიდენტის უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების გამოც.

ირანის უმაღლესმა ლიდერმა ჰამენეიმ უკვე განაცხადა, რომ სულეიმანის მოკვლის გამო სამდღიანი გლოვის შემდეგ, მისი ქვეყანა „დამანგრეველ დარტყმას“ მიაყენებს აშშ-ის და ყველას, ვინც გენერლის დაღუპვაზე პასუხისმგებელია. ამავდროულად, ტრამპის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ პირიქით, აშშ-ის მხრიდან ძალის დემონსტრირება ირანს დაანახებს, რომ მისი პროვოკაციული ქმედებები დაუსჯელი არ დარჩება, - წერს NYT-ი. პრეზიდენტის მრჩევლების აზრით, ტრამპმა მანამდე „ზედმეტად ბევრი სიგნალი გააგზავნა იმის შესახებ, რომ ომი არ სურს“.  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე მოუწოდა ამერიკელებს დატოვონ ერაყი „რეგიონში დაძაბული სიტუაციის გამო“. ირანის პასუხს უფრთხის ისრაელიც - ამერიკელების ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე რეგიონში“ - რომლის ხელისუფლებამაც უკვე დახურა რეგიონში რამდენიმე ისეთი ტურისტული წერტილი, რომელსაც ყველაზე მეტი საფრთხე ემუქრება.

ერაყში განვითარებული ახალი ამბების ფონზე ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა. ევროპულ ბირჟაზე „The ICE“ ერთი ბარელი Brent-ის ნავთობი 4%-ით გაძვირდა 69,12 დოლარამდე. ასევე 4%-ზე მეტად გაძვირდა ამერიკული ნავთობი WTI, რომლის ერთი ბარელის ფასიც 63,75 დოლარია.

სხვა თემები