25 სექტემბერი 2019 - 11:58

რა პრეტენზიები არსებობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ და უნდა გადადგეს თუ არა ის თანამდებობიდან?

კობა გვენეტაძე

კობა გვენეტაძე

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით სოციალურ ქსელში აქტიური კამპანია გაჩაღდა. კრიტიკული სტატიები პრესაშიც გამოჩნდა. კამპანიის დაწყება ლარის კურსის ისტორიულ გაუფასურებას და ფასების ზრდას (ინფლაციას) დაემთხვა. კობა გვენეტაძე სებ-ის პრეზიდენტად პარლამენტმა სამი წლის წინ აირჩია. ამ თანამდებობაზე მუშაობის ვადა მას მხოლოდ 4 წლის შემდეგ ეწურება.

კონკრეტულად რას ედავებიან კობა გვენეტაძეს?

ყველაფერს, რაზეც შეიძლება მოედავო ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ზოგადად, მაღალჩინოსანს: არაკვალიფიციურობას, არაკეთილსინდისიერებას, არასწორ გადაწყვეტილებებს და საზოგადოებასთან დამაზიანებელ კომუნიკაციას.

უფრო კონკრეტულად:

- არასწორ სავალუტო პოლიტიკას და საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციების არასწორ ინტერპრეტაციას;
- არასწორი და უკუეფექტის მქონე საბანკო რეგულაციების მიღებას;
- პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებას ან/და ასეთის მხარდაჭერას.  

რის შედეგადაც:

- ლარის კურსი ისტორიულ მაჩვენებლამდე გაუფასურდა;
- ფასები იზრდება (ინფლაცია გადაცდა დაგეგმილ მაჩვენებელს); 
- ქვეყნის ათიათასობით მოქალაქე კრედიტს ვერ იღებს;
- სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორი დაზიანდა;
- საყოფაცხოვრებო ტექნიკის და მობილური ტელეფონების გაყიდვები შემცირდა; 
- ეროვნულმა ბანკმა მოსახლეობის ნდობა დაკარგა.

რატომ მიიჩნევენ გვენეტაძეს არაკვალიფიციურად და არაკეთილსინდისიერად?

ოპონენტების თქმით, გვენეტაძის არაკვალიფიციურობა მისი საქმიანი გამოცდილებიდან მოდის. კერძოდ, სებ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად შერჩევამდე, ის სავალუტო ფონდის (IMF) ვაშინგტონის ოფისში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროს ეკონომისტად 13 წლის განმავლობაში, უცვლელად მუშაობდა და ეს არის ყველაზე მაღალი პოზიცია, რაც მას ეროვნული ბანკის პრეზიდენტობამდე ეკავა.

გვენეტაძის ბიოგრაფიის ამ მონაკვეთით ხსნიან ოპონენტები მის „გულგრილ“ დამოკიდებულებას დღევანდელი საქმიანობის მიმართ. კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ რეალურად, „ის პირველ რიგში, სავალუტო ფონდის ჩინოსანია და მხოლოდ შემდეგ - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და გაცილებით მეტს ფიქრობს იმაზე, თუ რა პოზიციაზე და რა გარანტიებით განაგრძობს საქმიანობას საერთაშორისო სავალუტო ფონდში სებ-ის პრეზიდენტობის შემდეგ, ვიდრე იმაზე, თუ რა სჯობს ახლა ქართული საბანკო-საფინანსო სისტემისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის“. 

სებ-ის პრეზიდენტისადმი ერთ-ერთი მთავარი პრეტენზიაა ისიც, რომ „დედოლარიზაციის“ ინიციატორი, რომელიც ლარის სიმყარის აუცილებლობაში სხვებს არწმუნებს, თავად ფულადი დანაზოგების უდიდეს ნაწილს უცხოურ ვალუტაში ინახავს და ამ წინააღმდეგობრივ ფაქტს დამაჯერებლად ვერ ხსნის.

რა არ მოსწონთ გვენეტაძის სავალუტო პოლიტიკაში?

პრეტენზიების მოკლე ჩამონათვალი ასეთია:

- ეროვნული ბანკი დაგვიანებით რეაგირებს სავალუტო რყევებზე;
- თავს იწონებს უცხოურ ინსტიტუტებთან სავალუტო რეზერვების შევსებით, ნაცვლად ქვეყნის შიგნით ამ რეზერვების სწორი მართვისა;
- ეროვნული ბანკის მკაცრად გაცხადებული „არ ჩარევის“ პოლიტიკა ვალუტის სტაბილურობას აზიანებს;
- ბანკებისათვის სავალდებულო სავალუტო რეზევების გაზრდამ და მათთვის სავალუტო საკრედიტო რესურსის გაძვირებამ შეამცირა ბანკების მიერ ქვეყნის უცხოური ვალუტით დაკრედიტება (ამ გარემოებას ამძიმებს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება).
- აკეთებს ისეთ არაადეკვატურ საჯარო განცხადებებს, რომელიც ლარის სტაბილურობას აზიანებს.

სპეციალისტების აზრით, ეროვნული ბანკის მცდარ სავალუტო პოლიტიკას და მის შედეგებს, თვალსაჩინოს ხდის საქართველოს სავალუტო ბაზარზე შექმნილი მდგომარეობა და ეროვნული ვალუტის მიმართ მოსახლეობაში საყოველთაო უნდობლობის ზრდა, რასაც მოწმობს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ბოლო კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, ეროვნულ ბანკს გამოკითხული რესპონდენტების 70% არ ენდობა.

რა განცხადებები აზიანებს ლარის სტაბილურობას?

მაგალითად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება „საგარეო შოკის“ შესახებ. სპეციალისტების აზრით, ის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ასევე ეროვნული ბანკის და მისი ხელმძღვანელის მიერ წარსულში გაკეთებული წინააღმდეგობრივი განცხადებები: 

2016 წელს სებ-ი აცხადებდა, რომ ლარის კურსის მერყეობას მხოლოდ დროებითი ფაქტორები იწვევს ($1 ფასი - 0 2.4 ლარი); 2017 წელს ითქვა, რომ ეს კურსის რყევის ჩვეულებრივი პროცესია ($1 ფასი - 2.6 ლარი); 2018 წელს გვენეტაძემ განაცხადა, რომ შეუძლებელია გაცვლითი კურსის პროგნოზირება ($1 ფასი - 2.8 ლარი); 2019 წელს კი ($1 ფასი - 3.0 ლარი) ყველაფერი „საგარეო შოკით“ და ქვეყანაში ტურისტული ნაკადის შემცირებით ახსნა, მაშინ როდესაც თავად ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ტურისტების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით 7-8%-ით გაიზარდა.

რას ედავებიან კობა გვენეტაძეს საბანკო რეგულაციების კუთხით?

ძალიან მოკლედ, იმას, რომ კობა გვენეტაძემ პროფესიული თვალსაზრისით უხარისხო და ხარვეზებიანი „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების“ შესახებ დებულება გამოსცა, რომელმაც საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზიანა.

2018 წლის გაზაფხულზე ხელისუფლებამ წამოჭრა ჭარბვალიანობის პრობლემა, რომლის პოლიტიკური დივიდენდებიც, ბევრის აზრით, ახალარჩეული პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის კარიერას და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს მოხმარდა.
 
ჭარბვალიანობასთან ბრძოლის ფარგლებში:

- მთავრობამ და პარლამენტმა ერთობლივი მუშაობით, მაქსიმალური წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი დაადგინეს;

- ფონდმა „ქართუმ“ კი წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემური სესხები გამოისყიდა.

პირველმა გადაწყვეტილებამ მომავალში მაღალრისკიანი დაკრედიტება შეზღუდა, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ონლაინ პლატფორმების და მოგვიანებით ამ სექტორში ბანკების ჩართულობით განვითარდა. მაღალი საპროცენტო განაკვეთი მაღალ დანაკარგებს ფარავდა, საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარის დაბალ ნიშნულზე დაწესებამ კი ეს სექტორი წამგებიანი გახადა, რის გამოც საფინანსო ორგანიზაციებმა მაღალრისკიანი დაკრედიტების მიმართ ინტერესი დაკარგეს.

მეორე გადაწყვეტილებას ერთგვარი სოციალური ეფექტი ჰქონდა და განმუხტა დაძაბულობა, რასაც იწვევდა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის უკმაყოფილება პრობლემურ სესხებთან დაკავშირებული ვალის დაბრუნების სამართლებრივი პროცესებით.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე გადაწყვეტილებამ გაცხადებულ მიზნებსა და სასურველ შედეგს სრულად მიაღწია, ეროვნულმა ბანკმა „ჭარბვალიანობასთან“ ბრძოლაში თავისი წვლილის შეტანა გადაწყვიტა და საქართველოში მოქმედ ფინანსურ ორგანიზაციებს „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების” ისეთი რეგულაციები დაუწესა, რომლებმაც სპეციალისტების თქმით, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის გამართული და საკმარისი დაკრედიტება შეუძლებელი გახადა.

- დაზიანდა სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორი;
- მყისიერად დაეცა საყოფაცხოვრებო ტექნიკის და მობილური ტელეფონების გაყიდვები;
- საკრედიტო რესურსებთან წვდომა გაურთულდა ქვეყნის ათიათასობით თვითდასაქმებულ მოქალაქეს;
- გაიზარდა დაკრედიტებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების დრო და საფინანსო ორგანიზაციების სესხის გაცემის ხარჯები.  

რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, ეროვნული ბანკის თანამშრომლები დახურულ შეხვედრებზე აღიარებენ, რომ „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების“ დოკუმენტი ფუნდამენტურად გადასახედია, მაგრამ პროცესს კობა გვენეტაძისთვის „სახის შენარჩუნების“ სურვილი აფერხებს (რედ: ის თუ კონკრეტულად რა დანაკარგებს განიცდის ამ პროცესის გამო ქვეყანა და საქართველოს მოქალაქეები ამის ანალიზი დარგის სპეციალისტებს ვთხოვეთ და მას უახლოეს მომავალში გამოვაქვეყნებთ) და რეგულაციების შეცვლის ნაცვლად ეროვნულ ბანკში ცდილობენ რეალობის დამახინჯებას, ახდენენ სტატისტიკის არასწორ ინტერპრეტაციას და უშვებენ მახინჯ გამონაკლისებს, როგორც ეს იპოთეკური დაკრედიტების შემთხვევაში მოხდა.

17 სექტემბერს, პრემიერმინისტრად გიორგი გახარიას არჩევის შემდეგ, კობა გვენეტაძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სებ-ი მუშაობს საბანკო რეგულაციების გამარტივებაზე.

რატომ ადანაშუალებენ გვენეტაძეს პოლიტიკურ მიკერძოებულობაში?

ეს ეჭვი, „თიბისი“ ბანკის და მამუკა ხაზარაძის საქმემ გააჩინა. თავად ხაზარაძემ სები-ს დღევანდელ ხელმძღვანელს „ეროვნული ბანკის სამარცხვინო პრეზიდენტი“ უწოდა, მაგრამ ხაზარაძის გარდა, გვენეტაძის მიუკერძოებლობაში ეჭვი ეპარებათ სფეროს სპეციალისტებსაც. მათი აზრით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უჭირს გაუმკლავდეს დამოუკიდებელი რეგულატორის ხელმძღვანელის როლს და მისი ზოგიერთი გადაწყვეტილება ნაკარნახევია პოლიტიკური კონიუნქტურით და არა საქართველოს საფინანსო მდგრადობის ინტერესით.

რას ამბობენ ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე ბიზნესის წარმომადგენლები?

ლარის არსატაბილურობისა და მკვეთრი გაუფასურების ფონზე ეროვნულ ბანკს ქმედითი ნაბიჯებისკენ საჯაროდ არაერთმა მსხვილმა ბიზნესმენმა მოუწოდა.

„რედიქსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა პაპაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის დიდი ხანია აფისქსირებს თავის პოზიციას და „არ მიესალმება და არ ეთანხმება ეროვნული ბანკის პოზიციას ლარის კურსის ცალმხრივად დევალვაციის ხელშეწყობაში“.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტის თემურ ჭყონიას თქმით, ლარის გაუფასურება არის დღეს N1 პრობლემა ქვეყანაში, რასაც იწვევს ეროვნული ვალუტის არასტაბილური და არაპროფესიონალური მართვა. „ეროვნული ბანკი საუბრობს, ჩვენ არ ვერევითო, თავისუფალი გაცვლითი კურსიაო. ეს რას ნიშნავს, ესე იგი - თავისუფალი გაცვლითი კურსი ნიშნავს, რომ უკონტროლოდ უნდა იყოს მიშვებული? რას ნიშნავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ეს განცხადებები? თავისუფალი გაცვლითი კურსი არ ნიშნავს, რომ ასე მიტოვებული იყოს ლარი, მიტოვებული იყოს ბიზნესის პრობლემები, მიტოვებული იყოს ეკონომიკა“, - განუცხადა ჭყონიამ „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ჩარევისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ერთადერთი სწორი გზა და ვალდებულება რაც დღეს ცენტრალურ ბანკს აქვს სავალუტო ინტერვენციებია.

ბიზნესმენთა ნაწილი ეროვნულ ბანკს არასაკმარისი კომუნიკაციის გამო საყვედურობს, რაც მათ საკუთარი ქცევის განსასაზღვრად სჭირდებათ. ბანკირთა ნაწილი კი აღმასრულებელ გუნდს დადებითი მოლოდინების შექმნას ურჩევს.

პროფესიული წრეების წარმომადგენლები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ გვენეტაძეს მათთან ნებისმიერი კომუნიკაციისას, თავისი გადაწყვეტილებების დასაცავად დამაჯერებელი არგუმენტები არ აქვს და იწყებს ლაპარაკს კრიზისის მოლოდინსა და მისი შერბილების საჭიროებაზე, რითაც მუდმივად ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს.

ხელისუფლების წარმომადგენლები რას ამბობენ?

საქართველოს ეროვნული ბანკი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ინსტიტუციაა, თუმცა როგორც საბანკო რეგულაციების გადახედვის, ასევე ლარის კურსის დასტაბილურებისკენ მას ხელისუფლების წარმომადგნლებმა (მათ შორის ბიზნესომბუდსმენმაც) არაერთხელ მოუწოდეს.

ლარის გაუფასურების ფონზე გვენეტაძეს რეაგირება სთხოვეს თბილისის მერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ინფლაციის პროცესის მართვა ეროვნული ბანკის ვალდებულებაა და იმედი აქვს, რომ ლარის კურსის ბოლოდროინდელი რყევა ფასების ზრდაზე არ აისახება.

ლარის გაუფასურება ფასებზე უკვე აისახა?

დიახ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პასუხისმგებელია როგორც ვალუტის კურსის სტაბილურობაზე (ლარის ფასზე სხვა ვალუტებთან მიმართებით), ასევე პირველ რიგში, ფასების ზრდის (ინფლაციის) დონეზე ქვეყანაში.

4 სექტემბერს კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქსტატის მონაცემების თანახმად, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ (ფასების ზრდამ) 4.9 პროცენტი შეადგინა, რაც მიზნობრივ მაჩვენებელს (3%-ს) 1.6 პროცენტული პუნქტით აჭარბებს.

მართალია, რომ ეროვნული ბანკი ახალ 50-მილიონიან ოფისს იშენებს?

დიახ. ეს ცნობა თავად ეროვნულმა ბანკმა დაადასტურა, რომელიც ამჟამად სანაპიროს ქუჩაზე, იუსტიციის სახლის შენობაში განთავსებული და ახალი ოფისის მშენებლობის აუცილებლობა კადრების და ფუნქციების ზრდით ახსნა.

მანამდე ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ახალი სათავო ოფისი ცირკისა და ყოფილი რესტორან „არაგვის“ შენობებს შორის, 8 779 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე განთავსდება, რომელიც ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის 26 ივლისს „სითი ცენტრისგან“ იყიდა, თუმცა რა ფასად უცნობია. ოფისის სამშენებლო ხარჯად 50 მილიონი ლარი დასახელდა.

ლარის გაუფასურებისა და ეკონომიკური სირთულეების ფონზე ეროვნული ბანკი ამ გადაწყვეტილების გამოც გააკრიტიკეს

რას პასუხობს გვენეტაძე ამ ბრალდებებს და დატოვებს თუ არა ის თანამდებობას?

ჯერჯერობით კობა გვენეტაძე მისი გადადგომის მოთხოვნით დაწყებულ კამპანიას არ გამოხმაურებია. ბოლოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება 6 აგვისტოს გაავრცელა, მას შემდეგ რაც ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებმა მას ლარის დასტაბილურებისა და ინფლაციის მართვისკენ მოუწოდეს.

სებ-მა ამ განცხადებაში ხაზი გაუსვა იმას, რომ პოლიტიკური თუ სხვა გავლენებისგან დამოუკიდებელია, რომ იმოქმედებს კურსის გრძელვადიანი სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე და დამატებითი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

კობა გვენეტაძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად 7 წლის ვადით პარლამენტმა 2016 წელს აირჩია, შესაბამისად, მისი თანამდებობიდან გათავისუფლებაც პარლამენტის საქმეა, თუ რა თქმა უნდა, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას თავად არ მიიღებს.

სხვა თემები